დღეს ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” ჩატარდა.
თამაშის ინიციატორი ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ტურიზმისა და ახალგაზრდული განყოფილება იყო. თამაშში მონაწილეობა 9-12 წლის მოზარდება მიიღეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. პირველობა არავის დაუთმო გუნდმა “ანანასი”.
თამაშის ყველა მონაწილეს საჩუქრად დიპლომები და წიგნები გადაეცათ.
თამაშს ესწრებოდა კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი, კობა ბანძელაძე, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის – ტურიზმისა და ახალგაზრდული განყოფილების უფროსი მათე სკამკოჩაშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების უფროსი თამარ აროშიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მაიზერ ცელაძე.
“გურია ნიუსი” კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს კობა ბანძელაძეს ესაუბრა.
” პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბავშვებს, როცა ჩვენს პატარებს ვუყურებ, ვხედავ, თუ რამხელა ინტელექტის მქონენი არიან. არ შემიძლია, არ გამოვყო და მადლობა არ გადავუხადო ტურიზმისა და ახალგაზრდულ განყოფილებას, რადგან უშუალოდ მათ დაგეგმეს ეს ღონისძიება. ვფიქრობ, რომ ეს კარგი სტარტია და შემდეგ უფრო ბევრ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ჩვენს ბენეფიციარებს“, _ განაცხადა მან.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ავთანდილ სირბილაშვილს:
“დღევანდელი დღე იყო ძალიან მონატრებული, რადგან წელიწადნახევარია თამაშები არ ჩაგვიტარებია, თან საქმე გვქონდა ძალიან პატარა ბავშვებთან, ამან უფრო გაახალისა ჩვენი თამაში, ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი თამაშით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ გაიმარჯვებდა, მთავარია, ყველამ მიიღო მონაწილეობა და ამ ოთხი გუნდის სახელით ჩვენ შევიძინეთ მომავალი დიდების გუნდები.” – აღნიშნა სირბილაშვილმა.
ავტორი: გუგა ლომაძე