საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება,_ ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს.
ხიდზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის 00:00 საათიდან, აღნიშნული ხიდიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის კვეთამდე, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ორმრივად იქნება შესაძლებელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებებს რომელთა სიმაღლე 2,8 მეტრს აღემატება, ხიდზე გავლა შეეზღუდებათ. მათ მოძრაობა შეეძლებათ მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი ახალი გზის გამოყენებით, ვასო გოძიაშვილის ქუჩის გავლით მარცხენა მოხვევით, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით.
უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვების პერიოდში, ავტობუსის N327, N367, N389 მარშრუტები ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრაობისას, მარშალ გელოვანის გამზირიდან მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ გოძიაშვილის ქუჩაზე.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”,_ ნათქვამია განცხადებაში.