ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებს მართავს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრთან, ნაიჯელ ევანსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
მათივე ცნობით, ნაიჯელ ევანსმა ქართულ მხარეს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე,საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. ნაიჯელ ევანსმა ქართულ მხარეს დიდი ბრიტანეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, იაკობ ელემან-იენსენთან გამართულ შეხვედრაზე. დანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და განაცხადა, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ნიდერლანდების სენატის წევრმა, იოოპ ატსმამ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATOPA) სესიას, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება.
სოფიო ქაცარავამ ნიდერლანდების სენატის წევრს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის ეკონომიკური გარემო გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს „აბრეშუმის გზის” პროექტზეც. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა, საქართველო რეგიონული ჰაბი გახდეს. იოოპ ატსმას განცხადებით, ნიდერლანდები საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობით და ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული.