2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების განხილვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო.
ნაბაკევის თემში შემავალი, სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გამართული სოფლის ყრილობა მუნიციპალიტეტის მერის წარმოადგენელმა გახსნა.
ოთარ წულეისკირმა 2019 წელში, მათ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. აქედან, განსაკუთრებული უპირატესობა გზების კაპიტალურ მშენებლობას მიანიჭა.
,,სოფელი ერთ-ერთ უმთავრეს სიკეთედ მოწესრიგებულ გზებს მიიჩნევს, სადაც კომფორტულად გადაადგილდებიან. ამ კუთხით შარშანდელი წელი ჩვენს თემში წარმატებული იყო”,_თქვა წულეისკირმა.
,,16 000 ლარია გამოყოფილი სოფელ ჩხენიშში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების დასაფინანსებლად”,_ ადგილობრივებს ეს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა მიაწოდა.
ვალერიანე ფოცხვერიამ მოსასახლეობას პროექტების დაგეგმარებაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. სოფლის ყრილობა შეჯერდა, 2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული 16 000 ლარით შარშან, სოფლის ცენტრში დაწყებული, ,,მომავლის პარკის” მშენებლობა დასრულდეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი ადგილობრივებმა პრობლემატურ საკითხებზე საუბარს დაუთმეს, მოსახლეობა წვიმიან ამინდში დატბორვას უჩივის და ადგილობრივ ხელისუფლებას წყალსაწრეტი არხების გაწმენდის მოთხოვნით მიმართავს. გარდა პრობლემებისა, შეხვედრაზე ,,ოცნების” ხელისუფლების მიმართ სამადლობელი სიტყვებიც გაჟღერდა, ყველაზე წარმატებულ პროექტად კი, სოფლის გაზიფიცირება დასახელდა.