ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, „ორი ნაბიჯის“ ქსელის მარკეტში, მომხმარებელმა „იფქლის“ შავი პური იყიდა. შინ მიტანისას კი, დაჭრილი პურიდან, როგორც მომხმარებელი ამბობს, „ჭრელმა გულმა“ შემოანათა.
საგულდაგულოდ შეხვეულ პურს, ქაღალდის პარკზე გარკვევით, ლამაზი ბეჭდური ქართული ასოებით აწერია; „დამზადებულია საქართველოში“. მწარმოებელი შპს „იფქლი დიღომი“. მისამართი და ტელეფონის ნომერიც იქვეა მითითებული. თუმცა, აღნიშნულ ნომერზე, მიუხედავად ჩვენი სამდღიანი მცდელობისა, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით.
„აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით,“ _ გვაუწყებს ავტომატური მოსაუბრე.
„ეტყობა, ფქვილს აფერადებენ და შეღებვისას ვერ მოურიეს კარგად. ასეთი ხმები, დიდი ხანია, დადის. არ მოგვწამლონ და შეღებილს კიდე არა უშავს”, – ყბისაქცევებით საუბრობენ იუმორის მოყვარული გურულები.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთში არსებულ, „ორი ნაბიჯის“ მარკეტსაც ეწვია.
_”იფქლის“ პური კი იყიდება ჩვენთან. თუმცა, მსგავსი განცხადებით არავის მოუმართავს. არ ვიცით, რა გითხრათ. დარეკეთ ცხელ ხაზზე , – გვითხრეს აქ.
საინტერესოა, ეს ტელეფონის ნომრები, რატომ აქვს „იფქლის“ შეფუთულ პროდუქტს? დავიჯეროთ, რომ ტყუილის შესაფუთად?
ავტორი