დღემდე არ შექმნილა არც ერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც პირდაპირ წყვეტს დაავადების მიმდინარეობას, ამიტომ ვერ ვიტყვი, სადამდე გაგრძელდება პანდემია. ერთადერთი ფაქტი გვაქვს სახეზე, რომ ჯაჭვის წყვეტა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაცემის გზა დაიბლოკება. ამიტომ არის აქტუალური სლოგანი „დარჩი სახლში“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ე.წ. კოლექტიურ იმუნიტეტთან დაკავშირებით უამრავი კვლევა არსებობს. მედიცინამ თითქმის დაივიწყა სხვა მიმართულებები და გამოწვევები, როგორებიცაა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა. ყველა წამყვანი ცენტრი გადართულია კორონავირუსთან ბრძოლაზე. დღემდე არ შექმნილა არც ერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც პირდაპირ წყვეტს დაავადების მიმდინარეობას, ამიტომ ვერ ვიტყვი, სადამდე გაგრძელდება პანდემია. ერთადერთი ფაქტი გვაქვს სახეზე, რომ ჯაჭვის წყვეტა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაცემის გზა დაიბლოკება. ამიტომ არის აქტუალური სლოგანი „დარჩი სახლში“. სამყაროში იყო 2 სახის მიდგომა – კონსერვატიული და ლიბერალური. თავის დროზე, ჩვენმა ქვეყანამ აირჩია კონსერვატიული მიდგომა, როდესაც ინფექციის გავრცელების შეკავება ხდებოდა პირადი ჰიგიენისა და დისტანციის საშუალებით. ამან წარმატებით ჩაიარა პირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა. არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა. მე ექიმი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია სიცოცხლე, მესმის ეკონომიკაც და ყველაფერიც, მაგრამ ეს ყველაფერი განზე რჩება, თუ ადამიანი არ იცხოვრებს. ამიტომ ყველამ უნდა გავიჭირვოთ და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, – განაცხადა რატიანმა.
წყარო:იმედინიუსი