გადაეცა თუ არა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო საჩუქრის სახით ნობათი ან/და რაიმე ტიპის დახმარება და რა თანხა დაიხარჯა ბიუჯიდან ამისთვის – ამ კითხვებზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან “გურია ნიუსმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის გამოიყო შემდეგი საახალწლო ნობათი: 1. 140 – მრავალშვილიანი ოჯახი; 2. 180 – უფასო სასადილოს ბენეფიციარი; 3. 66 – დევნილი; 4. 30 – მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის „მომავლის სხივი“ ბენეფიციარი; 5. 20 – ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი; 6. 80 – სოციალურად დაუცველი და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე; 7. 11 – უსინათლო პირი; 8. 300 ლარის ტკბილეული გადაეცა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს; 9. 2020 წლის პირველ ახალშობილს და 31 დეკემბრის პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მორიგე ეკიპაჟებს, დიალეზის ცენტრის, სასწრაფოსა და მედალფას მორიგე ექიმებს – სულ ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით დაიხარჯა 14.440 ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრების სახით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე (26 ოჯახი) გაიცა ნობათი (საკვები პროდუქტები) ჯამში 1491 ლარი ღირებულების. ასევე მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებზე (100 ადამიაი) გაიცა ნობათი და ტკბილეული ჯამში 2000 ლარის ღირებულების. სოციალურად დაუცველ 22 შშმ ბავშვზე გაიცა ტკბილეული ჯამში 150 ლარის ღირებულების.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო საჩუქარი არ გადაუცია.
რაც შეეხება სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოებს, რომლებზეც მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას საახალწლო საჩუქრებს ურიგებს, განგიმარტავთ, რომ ზემოთხსენებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა და წარმოადგენდა მერის და მისი ოჯახის წევრების პირად საჩუქრებს.
ინფორმაციისთვის, 2019 წლის ბოლოს, საახალწლოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ _173 535 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 22 900 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 10 880 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ _ 21 250 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 1 400 ლარი გასცა. აქვე უნდა ითქვას, რომ დანამატი და ჯილდოები, ოზურგეთის მერის მოადგილეების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების მერებზე, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებზე არ გაცემულა.
თანამდებობის პირებიდან, წლის ბოლოს, საახალწლო ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამივე მოადგილეზე გაიცა: პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ 2 600 ლარი, ოსიკო თოთიბაძემ და ირაკლი სირაძემ _ 2 400-2 400 ლარი მიიღეს.

































































