მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქციებსა და დარგობრივ კომისიებში განხილვები უკვე დაწყებულია, რაც მუნიციპალიტეტში გარკვეული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს მიზნად.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 1639804 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა კი სოფელ ჩიბათში კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ელექტროფიკაციის სამუშაოების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. მერიის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, პროექტის ღირებულება მთლიანობაში 1656368 ლარითაა განსაზღვრული და თანადაფინანსებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16564 ლარი უნდა მიიმართოს.
სოფელ ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გზის რეაბილიტაციისთვის, როგორც მერია განმარტავს, მთავრობამ 1380570 ლარი გამოყო. ამ შემთხვევაში პროექტის ჯამური ღირებულება 1394515 ლარს შეადგენს და თანადაფინანსებით ადგილობრივ ბიუჯეტს 13945 ლარის გაღება მართებს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებით, ზემონახსენები პროექტების თანადაფინანსება ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე განხორციელდება.