ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაშია ნათქვამი.
„პორტის პროექტი ძალიან პოლიტიკურია და ამჟამად China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება. თუმცა, მისი განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს“, – ნათქვამია კვლევაში.
გარდა ამისა, კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც.
„ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი“, – წერია დოკუმენტში.
ასევე დოკუმენტში წერია რომ რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უზბეკეთში განახლებადი ენერგიის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებული გაზმომარაგების დივერსიფიკაცია ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტები, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემს, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ.































































