თბილისის 151-ე სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომელიც მერვე კლასის ბიოლოგიის წიგნშიც მარიხუანის შესახებ დემონიზაციისა და სტიგმის საფრთხის შემცველი ინფორმაცია წერია. სწორედ ასე აფასებენ წიგნში მარიხუანას შესახებ ინფორმაციას მშობლების ნაწილი და ამ საკითხზე მომუშავე დარგის სპეციალისტები.
ბიოლოგიის წიგნში ვკითხულობთ, რომ მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად, “ბოდვითი აზროვნებისკენ მიდრეკილება ვითარდება. დიდი დოზით სისტემატურმა მოხმარებამ კი შეიძლება ფსიქოზი გამოიწვიოს”. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო აზიანებს სასუნთქ სისტემას და ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც ბევრად უფრო მაღალია.
“მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტით ერთი ულუფა მარიხუანა ხუთი ღერი სიგარეტის ტოლფასია”, – წერია წიგნში.
სოციალური მუშაკის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ტექსტი მოსწავლეებს მარიხუანას შესახებ ცალსახად მცდარ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, მარიხუანას მოქმედების შედეგებზე დაწერილი ინფორმაცია გადაჭარბებული და გამძაფრებულია.
სახელმძღვანელოს, რომელიც დარგის ექსპერტების თქმით, დაუსაბუთებელ ინფორმაციას შეიცავს, გრიფირება აქვს გავლილი.
წყარო: imedinews.ge