ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახს ცხინვალის იზოლატორიდან წერილი გაუგზავნა. გაფრინდაშვილი დღეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მაია ქარდავას თქმით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს „წითელი ჯვრის“ მიერ გაფრინდაშვილთან შემდგარი მეორე ვიზიტი იყო.
„ოჯახის მიერ შევსებული წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი გადაეცა მას. მან საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა ოჯახს, რომლის სკანირებული ვერსიაც გადავეცით დღეს ოჯახს. სამწუხაროდ, მე სრულად არ ვარ უფლებამოსილი, რომ დეტალურად გესაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – თქვა მაია ქარდავამ.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ “ექიმის საკითხი მალე გადაწყდება”.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.