დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
დეპუტატები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ, დაცული იყო ასევე ერთმეტრიანი დისტანცია. სამი დეპუტატი კენჭისყრაში ონლაინ ღებულობდა მონაწილეობას.
31 მარტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ააიპებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებსა და სამტრედიის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას.
საკრებულოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილების შეტანა იყო.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანხა, 250 ლარი, გარდა უპატრონო და იძულებით გადაადგილებული პირებისა, 2020 წლის 31 მარტიდან გადაეცემათ ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, თანხმობა მისცა უკურნებელი სენით, მეოთხე და მესამე სტადიის მქონე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთჯერადად 150 ლარის გამოყოფას.