“2008 წლის აპრილში, სოჭში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის თანდასწრებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ”, – ამის შესახებ აღნიშნულია ახლახან გასაჯაროებულ დოკუმენტში “საუბრის მემორანდუმი – შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან“.
- შეხვედრა პუტინის რეზიდენციაში, სოჭში, გაიმართა, მას როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მათ შორის აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი.
ამ შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი წინააღმდეგობა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების სწრაფვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი “ეთნიკური სახის პრობლემებია“, რომელსაც საქართველო “საუკუნეების განმავლობაში“ აწყდებოდა.
“საუბრის მემორანდუმი“ ლიდერების შეხვედრაზე განხილული საკითხების სტრუქტურირებულ აღწერას წარმოადგენს და საჯაროდ ხელმისაწვდომი 2025 წლის 23 დეკემბერს გახდა.
გამოქვეყნებული ტექსტი ამერიკული კვლევითი ცენტრის, “ეროვნული უსაფრთხოების არქივი“- ს (NSA) მიერ 2008 წლის 6 აპრილით არის დათარიღებული, ანუ აგვისტოს ომამდე ოთხი თვით ადრე და ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან ორი დღის შემდეგ.


































































