დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე უცნაურ ვითარებაში ტარდება.
პირბადე, დისტანციის დაცვა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და საარჩევნო უბანზე შესვლამდე დეზობარიერის გავლა_ 2020 წლის არჩევნების აუცილებელი ნაწილი გახდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა, რის შემდეგაც მოქალაქეები მიდიან და მოქალაქეობრივ ვალს იხდიან.
როგორც ჩოხატაურის #38 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, ხალხის ნაკადი დილიდან არ წყდება.
„ხალხის ნაკადი არ წყდება. 79 ამომრჩეველია ამ დროისთვის დაფიქსირებული. ყველაფერი გამჭვირვალეა. რეგისტრირებულია 882 ამომრჩეველი“,_ გვითხრა აკაკი გოგელიამ.
„მშვიდი ვითარებაა. გარეთ პერიმეტრზე ვერ გეტყვით რა ხდება, მაგრამ შიგნით ყველანაირად ცდილობენ რომ დისტანცია დაიცვან“,_ გვითხრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე.
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი #01 საარჩევნო უბანზეც.
კომისიის თავმჯდომარის, ნესტან ბენდელიანის თქმით, დილის 10 საათისთვის ხმის მისაცემად 89 ამომრჩეველი იყო მისული.
„აქტივობა საკმაოდ კარგია დილიდან. 10 საათისთვის იყო 89 ამომრჩეველი მოსული და ამ დროისთვის 100-მდეა. საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ვიცავთ ყველანაირი წესს. გვაქვს პირბადეები რომ მივცეთ ამომრჩევლებს, რომლებიც უპირბადოდ მოვლენ, მაგრამ ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია“,_ გვითხრა 01 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნესტან ბენდელიანმა.
სიმშვიდეა ჩოხატაურის ბუკისციხის საარჩევნო უბანზეც. აქ უბანი დროულად და შეფერხების გარეშე გაიხსნა. უბანზე, სადაც 355 ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა, 4 ორგანიზაციის დამკვირვებელი აკვირდება საარჩევნო პროცესს. ასევე, უბანზე არიან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. საუბნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი სიხარულიძის თქმით, უბანზე სიმშვიდეა და ამომრჩეველთა აქტივობაც მაღალია.