ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი სტაბილურია, მათ შორის გაუმჯობესებულია სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
საუნივერსიტეტო კლინიკაში კი 5 კორონა-ინფიცირებულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. კლინიკა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს 25 კოვიდპაციენტი ჰყავს, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, გარდა ერთისა, რომელსაც ჯანმრთელობის კიდევ არაერთი პრობლემა აქვს. კლინიკა კიდევ 4-მა პაციენტმა დატოვა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათ შორის 11 არასრულწლოვანია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე ჰყავთ 2 მძიმე პაციენტი. კლინიკაში აცხადებენ, რომ შესაბამის სინჯებს კიდევ 4 პაციენტი აიღებს.
საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: იმედინიუსი