წუხელ გვიან ღამით მოულოდნელად მოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული პრობლემები შექმნა გრიგოლეთის სანაპირო ზოლთან, სადაც ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას და გზებზე საცობები წარმოქმნა.
“წუხელ, დაახლოებით, ღამის თორმეტი საათისთვის ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც გრიგოლეთის სანაპირო ზოლში შტორმი გამოიწვია. დასახლებას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ამ წუთებში შემოვლას ვახდენთ, რომ აღვწეროთ ზუსტად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ გრიგოლეთის დასახლებას“, _ გვითხრა სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის უფროსის მაკა სულაბერის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები.
„გამგეობის საგანგებო შტაბმა განაახლა მუშაობა. შტაბს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ხელმძღვანელობს. სოფლებში დაზიანებულია შიდა გზები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხიდმაღალა, ტაბანათი, ახალსოფლის ტერიტორიაზე დატბორილია საცხოვრებელი სახლები. შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილს, როგორც „ენერგო-პრო-ჯორჯიადან“ გვაცნობეს, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები“, _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.