გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა _ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებიც, შეხვედრაზე მყოფების თქმით, აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მერობის კანდიდატს წარსულთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში დაადანაშაულეს.
სიორიძის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი არასდროს ყოფილა:
_ ძალიან გთხოვთ, არ წამოეგოთ არავის პროვოკაციას, _ მიმართა სიორიძემ შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს და კითხვების ავტორი ახალგაზრდა ტრიბუნასთან მიიხმო.
_ თქვენ მეკითხებით, სად ვიყავი 2012 წელს და არ მეკითხებით, რა გავაკეთე სამი წლის განმავლობაში. ამაზე გეტყობათ, რომ პროვოკატორი ხართ! 2012 წელს ვმუშაობდი დღე და ღამე, 200 ოჯახს პურის ფული ჰქონდა იმ ქარხნიდან, რომელიც მე მეკუთვნოდა და სადაც ადამიანები მყავდა დასაქმებული. რაც შეეხება „ნაციონალებთან“ კავშირს _ შეხებაც კი არ მქონია. წევრიც კი არ ვყოფილვარ, _ აღნიშნა სიორიძემ, რაზეც ახალგაზრდამ უპასუხა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა:
_ დაგენიძლავებით საჯაროდ, რომ ასე არ ყოფილა, _ აღნიშნა სიორიძემ.
მისივე თქმით, ის რამაზ ნიკოლაიშვილს შეხვედრებზე არ დაყვებოდა:
_ არც ერთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად და თუ გახლდით, რამაზ ნიკოლაიშვილი თქვენ გჯობიათ ყველას ერთად აღებულს, _ მიმართა სიორიძემ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ტერიტორიის დატოვება შეხვედრაზე მყოფმა ადამიანებმაც მოსთხოვეს.
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც შეხვედრის ჩაშლა სცადეს დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდაჭერები არიან. ჩვენ შევეცადეთ დეტალები შარაშენიძესთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.