ადგილობრივი ბიუჯეტების დიდი ნაწილი სოციალურ პროგრამებზე იხარჯება. თუმცა, ინფორმაცია, როგორ და რაზე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებით, წლიდან წლამდე, გაუმჭვირვალე და საზოგადოებისთვის გაუგებარი ხდება.
ჩვენ ოფიციალურად მოვთხოვეთ ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიებს მოეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ პროგრამებს დააფინანსებენ ბიუჯეტიდან. უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის 3 თებერვალს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ წერილში ვწერდით: „მოგვაწოდეთ ინფორმაცია, 2026 წლის ბიუჯეტით, რამდენი ლარია გამოყოფილი ადგილობრივ სოციალურ მუნიციპალურ პროგრამებზე; რა პროგრამებია გათვალისწინებული; ვისზე გაიცემა და ვის ეხება ეს პროგრამები; ასევე, მოგვწერეთ, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, თუ ვისზე უნდა გაიცეს პროგრამული დახმარებები, რა კრიტერიუმების მიხედვით; მოგვაწოდეთ ინფორმაცია რამდენი სოციალურად დაუცველია თქვენს მუნიციპალიტეტში საერთოდ და მათგან რამდენია მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარი. ასევე, მიგვითითეთ, ვინ, რომელი სამსახურია პასუხისმგებელი სოციალური მუნიციპალური პროგრამების გახორციელების მონიტორინგზე (შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებელი პირის ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების მითითებით)“.
სწორედ ამ კითხვებზე გვინდოდა პასუხების მიღება, რომ საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაცია მიგვეწოდებინა,
ამ ეტაპზე, პასუხი მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მივიღეთ. სამწუხაროდ, მათი პასუხი არასრული და მინიმალური ინფორმაციის შემცველია. გთავაზობთ ჩოხატაურის მერიიდან მიღებულ პასუხს:
„ თქვენი წერილის (#CA00412601862131) პასუხად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2025 წლის 26 დეკემბრის No23 დადგენილებით დამტკიცებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად, ახორციელებს 29 მიზნობრივ პროგრამას.
2025 წლის განმავლობაში: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარებით ისარგებლა 2 869 ბენეფიციარმა. აღნიშნული პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს, მათ შორის: ონკოლოგიურ პაციენტებს, შშმ პირებს, ბავშვებს, ომის ვეტერანებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს.
ფინანსური დახმარება (როგორც ერთჯერადი, ისე ყოველთვიური პროგრამების ფარგლებში) გაეწია 664 ბენეფიციარს.
რაც შეეხება პროგრამების განხორციელების მონიტორინგს, აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალურად დაუცველთა საერთო მონაცემების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ადმინისტრირება წარმოადგენს სსიპ “სოციალური მართვის სააგენტოს” უფლებამოსილებას. მუნიციპალიტეტის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სარგებლობს აღნიშნული მონაცემთა ბაზით მხოლოდ ოპერაციულ დონეზე — კონკრეტული მუნიციპალური პროგრამების ადმინისტრირების მიზნით. შესაბამისად, ინფორმაციას სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შესახებ გასცემს შესაბამისი უწყება“, _ აღნიშნულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.
კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა
ავტორი






























































