2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა აღარ გაგრძელდება.
“ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით“, _ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
ინფორმაციისთვის, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა.
“პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.
პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი.
მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ–ჩვევების გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია, ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება მოახდინოს და ჩაერთოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში.
საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.
მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა.
მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება“, _ ეწერა მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილი გახდა საზოგადოებრივი სამუშაოების ჩამონათვალიც: “ბიბლიოთეკარის დამხმარე, მეტყევე, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის არაკვალიფიციური დამხმარე, ზედამხედველის დამხმარე, დარაჯი, კურიერი, ტერიტორიების კეთილმოწყობის გამწვანებისა და დასუფთავების თანამშრომელი და ა. შ.
როგორც პროგრამის ამოქმედებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრი განმარტავდა დასაქმებულებს აღნიშნული თანხა დაუბეგრავად უნდა აეღოთ. თუმცა, 2022 წლის 18 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა მერმა, დავით შარაშიძემ გვითხრა, რომ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების მიერ შესრულებული სამუშაოს აღწერა ხდებოდა და ისინიც ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებდნენ:
“ამ ხალხისთვის ანაზღაურების ჩარიცხვა მოხდება სოციალურ ბარათზე სოციალურ დახმარებასთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინმეს ილუზია თუ შეექმნება იმის, რომ არ იმუშაოს და ხელფასი ჩაერიცხება, ასე არ იქნება. მერის წარმომადგენლები აკონტროლებენ ყოველდღიურად ამ ხალხს. არის ჟურნალი, ტაბელი ჰქვია და ამ ტაბელში აღინიშნება ყოველი პიროვნება ყოველდღე რა სამუშაოს შეასრულებს. ამის მიხედვით ხდება ხელფასის გაცემა. ვიღაცამ შეიძლება 10 დღე იმუშავა, ვიღაცამ 20, შესაბამისად, ვინც ნაკლები იმუშავა იმას ნაკლები ანაზღაურება ჩაერიცხება, ვინც მეტი იმუშავა, იმას მეტი“, _ ამბობდა შარაშიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას გურიაში 3 921 ოჯახი იღებს. ჯამში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი 14 554-ს შეადგენს. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ოჯახთა რაოდენობა 2686-ს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა კი _ 12 528-ს.
2024 წლის მონაცემებით, გურიაში საარსებო შემწეობას 3 918 ოჯახი იღებდა. საარსებო შემწეობის მიმღები 14 690 პირი იყო. სოციალური დასაქმების პროგრამაში ჩართული იყო 2643 ოჯახი. დასაქმებულ პირთა რაოდენობა კი 12 434-ს შეადგენდა.
2023 წელს საარსებო შემწეობას 4795 ოჯახი იღებდა. სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა რეგიონში 18 016-ს შეადგენდა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმებული იყო 2 135 ოჯახი. ჯამში _ 10 119 პირი.
2024 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა შეესწავლა, რამდენად ეფექტიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დასაქმებას შრომის ბაზარზე; გამოავლინოს მისი ძირითადი ხარვეზები, საჭიროებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის _ სოციალურად დაუცველთა უფლებებისა და მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ასევე, გამოავლინოს, ხომ არ ხდება ამ პროგრამისა და მისი ბენეფიციარების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ან რა გავლენას ახდენს ის მუნიციპალიტეტების სერვისებზე.
“პროექტი გახორციელდება ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში: რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, ხარაგაულსა და ოზურგეთში. მუნიციპალიტეტები შერჩეულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნება, მთის რეგიონების დასახლებები და დასაქმების სხვა პროგრამების პარალელური მოქმედება.
პროექტი ასევე მოიცავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საკრებულოების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და დისკუსიის გახსნას მისი გაუმჯობესების საკითხებზე.
მონიტორინგი გამოავლენს პროგრამის რეალურ სურათს, ხოლო ბენეფიციარები მიიღებენ მეტ ინფორმაციას, რა შესაძლებლობები აქვთ მათ სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების დასაძლევად და შრომის ბაზარზე დასამკვიდრებლად“, _ ეწერა გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობდა, მისი რეალური შედეგები და პროცესი გაუმჭვირვალე იყო. სტატისტიკური მონაცემებით, 2022-2023 წლებში ქვეპროგრამაში 69 322 ბენეფიციარი ჩაერთო, თუმცა, ეს რიცხვი ბევრად ჩამორჩება მთავრობის თავდაპირველ მოლოდინებს. დღემდე არ არსებობს სრული ინფორმაცია, თუ რა არის მონაწილეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი, ან რა პრინციპით ხდება ვაკანსიების შექმნა. ასევე, უცნობია, თუ რამდენად ეხმარება პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს შრომის ბაზარზე დამკვიდრებაში.
მანამდე კი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესახებ კვლევა პროგრამის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გამოაქვეყნა.
როგორც კვლევის დასკვნაში სხვა რეკომენდაციებთან ერთად იყო აღნიშნული, პროგრამის დიზაინს ფუნდამენტური ხასიათის ხარვეზები ჰქონდა, რაც, თავის მხრივ, პრობლემას შეუქმნის პროგრამის მთავარ ამოცანას, რაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ეტაპობრივად შემცირებას გულისხმობდა.
“პროგრამის დიზაინი შეიცავს უზარმაზარ რისკს, რომ ის ვერ შეძლებს შემწეობებზე დამოკიდებული მოსახლეობის სათანადოდ მოტივირებას, რათა შრომის ღია ბაზარზე დასაქმდნენ”, _ ნათქვამია კვლევაში.
დღეის მდგომარეობით კი პროგრამის გაუქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოება ნეგატიურად ხვდება. ზოგი კი პროგრამით დასაქმებული ადამიანების მიერ ისეთ მცირე შემოსავლის მიღებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული ადამიანი სახლში პროდუქტების მიტანასაც კი ვერ ახერხებს. ზოგს მიაჩნია, რომ სოფლებში ხალხს იმდენად უჭირს, რომ 300-ლარიან სამსახურზეც თანახმაა.
ოპოზიციურ სპექტრში კი ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა “ოცნებამ” საარჩევნოდ გამოიყენა.
“არჩევნებისთვის გამოიყენეს და შემდეგ მიაგდეს ხალხი! სამწუხაროდ, ამას ეგ კატეგორია ვერ ხვდება…” _ წერს პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაძე “გურია ნიუსის” ფეისბუქ გვერდზე კომენტარებში.
რომან კალანდაძე კი, რომელიც ამ დროისთვის “გახარიას პარტიის” წევრია, სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ძაან კარგი პროგრამა იყო ჩემი შეფასებით. კარგი აღსრულება ესაჭიროებოდა“.
ავტორი





























































