ხმაურიანი გამოდგა დღეს გამართული ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის ფინალი. მმართველი გუნდის წევრთა მხრიდან ხმამაღალი ტონი კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას მხრიდან იმუნიზაციის თემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვას მოჰყვა.
ასკურავა დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის ვაქცინაციასთან მიმართებით. ასკურავას ბრალდების მთავარი ადრესატი ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრი იყო. მისის თქმით, აღნიშნულ სამსახურს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით.
„ლადო ჩხაიძის ამ სამსახურიდან გაშვება იყო მთავარი იმ სამსახურში?! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ახლანდელი უფროსის ნატო მენაღარიშვილის, ნამდვილად პროფესიონალი კადრია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სამსახურს არაფერი გაუკეთებია, რომ მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით“, _ თქვა ასკურავამ თავის გამოსვლაში და სხდომაზე მყოფ მერს, ალექსანდრე სარიშვილს კითხვაც დაუსვა _ „რამდენი ლანჩხუთელია ვაქცინირებული თუ იცით? სამწუხაროა, რომ არ იცით.“
„მე ამ ყველაფერს პოლიტიკური ნიშნით არ ვამბობ. სამი მაღაზია მაქვს და სამივე გაჩერებული. შია ხალხს, კატასტროფული მდგომარეობაა. არაფერი არ მუშაობს ამ ქვეყანაში“, _ კრიტიკის ტონით გააგრძელა საუბარი ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ჰოდა, სწორედ ენმ-ის წევრის ამ გამოსვლასა და შენიშვნებს მოჰყვა მერისა და უმრავლესობის წევრ დეპუტატთა უკმაყოფილება.
„სირცხვილია ეს, რასაც ამბობ, საზოგადოებრივი ჯანდაცვა მუშაობს სრული დატვირთვით. ბოდიში მოიხადე, ძალიან გთხოვ“, _ ურჩია ალექსანდრე სარიშვილმა ასკურავას.