პრემიერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ივლისიდან პენსიის გაზრდასა და ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე გაამახვილა.
„მინდა შევეხო ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა. ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელშიც გადაზღვეულია, როგორც ქვეყნაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა ასევე, ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შეგხვდეს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებით ქვეყანამ შეინარჩუნა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო წლის დასაწყისიდან.
„მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ პირველი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები. არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად შესთავაზოს პენსიონერებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერმა.