ეს ფოტოები ჩოხატაურში, დაბის 38-ე საარჩევნო უბანთანაა გადაღებული. ზუსტად, სანტიმეტრებით არ გაგვიზომავს, მაგრამ დიდი ალბათობით, “ქართლი ოცნების“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები, რომლებზეც სააგიტაციო მასალები, ბანერები და დროშებია გამოფენილი, ძალიან ახლოსაა განლაგებული ამ საარჩევნო უბანთან. ხვალ საპარლამენტო არჩევნებია, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. ამიტომ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კითხვით მივმართეთ, უნდა ჩამოიხსნას თუ არა სააგიტაციო მასალები, თუ ისინი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრამდე დაშორებითაა გამოფენილი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთხელ განგვიმარტეს, რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. ასევე, აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.