ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტზე, რომელიც, დაახლოებით, ერთი თვეა ვაკანტურია, გოგი ფაცურიას დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი საქმეა. აღნიშნულ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს თავად მერი, ალექსანდრე სარიშვილი. მისი თქმით, ახალი მოადგილე საკუთარი უფლებამოსილების გახორციელებას პირველი დეკემბრიდან შეუდგება.
ირკვევა, რომ სამომავლოდ ლანჩხუთის მერს ორი მოადგილე ეყოლება. ფაცურიას, რომელიც აქამდე მერიის ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს და თვითმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ საარჩევნო შტაბს ედგა სათავეში, პირველი მოადგილის სტატუსი ექნება. რაც შეეხება კიდევ ერთ მოადგილეს, ჯერჯერობით, ოფიციალურად არც მისი ვინაობა და არც დანიშვნის თარიღი გადაწყვეტილი არაა.
მერის მოადგილის შესაძლო პრეტენდენტებს შორის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით წულაძის გვარმაც გაიჟღერა. თუმცა, ალექსანდრე სარიშვილი ამ ფაქტის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„გოგი ფაცურია პირველი დეკემბრიდან დაინიშნება პირველ მოადგილედ, ასევე, კიდევ ერთი მოადგილე მეყოლება. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, ვინ დაიკავებს ამ პოსტზე, შიდა განხილვები მიმდინარეობს, თუმცა, დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ დავით წულაძე ნამდვილად არ მოიაზრება მოადგილის თანამდებობაზე“, _ ამბობს ალექსანდრე სარიშვილი.