მედიაჩეკერის ინფორმაციით, ონლაინ გამოცემებმა: „პროექტი 64”, „ნეტგაზეთი”, „მაუწყებელი” დრონები დაკარგეს.
„დრონი აგვაცალეს ჰაერში. ავაფრინე, პარლამენტის თავზე ვიღებდი, მე ვიდექი სადღაც ოპერასთან. უკან ვაბრუნებდი და უცებ უცნაურად დაიწყო ფრენა და მომენტალურად დავკარგე კონტროლი. ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“, – დაწერა გიორგი გოგუამ, „პროექტ 64”-ის დამფუძნებელმა და ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით კი, გამოცემის დრონი აფრენისთანავე სავარაუდოდ საგანგებოდ ჩამოაგდეს:
„”ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები სავარაუდოდ საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით”.
დრონი დაკარგა გამოცემა „მაუწყებელმაც”.
„გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – ამბობს გამოცემის ჟურნალისტი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.































































