მეტეომგრძნობელობა დამახასიათებელია არა მარტო ცხოველებისა და ფრინველებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც. ატმოსფერული ცვლილებების დროს თავს იჩენს თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, შიში, დეპრესია და სხვა ბევრი სიმპტომი. ასაკის მატებასთან ერთად, ეს მგრძნობელობა ადამიანებში უფრო იმატებს.
უქარო, ნესტიან ამინდში, როდესაც ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ასევე, საშიშია მაგნიტური დღეები გულით დაავადებულთათვის. ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის რისკი, კერძოდ, ინსულტი და ინფარქტი. აგრეთვე, მწვავდება სახსრების ტკივილი, ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები. მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიანებს ეწყებათ შეტევები.
თავის დასაცავად არსებობს მარტივი წესები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს:
ყველა მეტეომგრძნობიარე ადამიანმა კრიტიკულ დღეებში შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური და ინტელექტუალური შრომისგან;
თავი აარიდოს კონფლიქტურ სიტუაციას;
მეტი დრო გაატაროს ჰაერზე;
მკაცრად დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღების რეჟიმი.
მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს სასურველია, იკვებოთ რძის ნაწარმით, მცენარეული ცხიმებით. გამორიცხეთ მენიუდან შემწვარ-მოხრაკული, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლის შემცველი სასმელები.