ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის ნაწილის შესაძლო გაყიდვას და იქ საქართველოს ბანკის შენობის განთავსების დაგეგმვას სკანდალი მოჰყვა.
დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ დაუშვებელია სკვერის ნაწილის გაყიდვა და ამით თემა დახურულია.
სწორედ ამ განცხადების შეფასება ვთხოვეთ ჩოხატაურის მერს, დავით შარაშიძეს:
_ ეგ საკითხი იყო მსჯელობის საგანი. ჩვენ იმიტომ წამოვწიეთ ეს საკითხი, რომ გვემსჯელა ამის შესახებ, რა იქნებოდა უკეთესი, რა გაკეთებულიყო და ა.შ. ამიტომ დღემდე ეს საკითხი არის მსჯელობის საგანი. მსჯელობის შედეგად სანამ არ იქნება მიღებული სწორი გადაწყვეტილება, იქამდე არანაირი მიწა არ გასხვისდება. ჯერჯერობით, მსჯელობის საგანია და მივყვებით პროცედურებს, _ გვითხრა შარაშიძემ.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე 29 აგვისტოს წარადგინეს საკითხი ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი) (ს/კ – 28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ. საკითხის დაყენებას ბოიკოტი მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.
მათ 3 სექტემბერს, კვირა დღეს როდესაც ჩოხატაურის ბაზარში თითქმის მთელი მოსახლეობა თავს იყრის, სცადეს მათთან საუბარი. არიგებდნენ ფლაერებს, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერი საფრთხეშია და “გურიის ოლიგარქიული კლანი” (მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა) ჩოხატაურს ჰყიდიან. მათ ჩიგოგიძე დაადანაშაულეს “პარკის ხარზე ჯიბეების გასქელებაში.” ბაზარში ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთისა და ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრების გამოჩენა დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციურმა სპექტრმა ძალადობრივ ორგანიზებულ დახვედრაში ჩიგოგიძე დაადანაშაულა. მომხდარ დაპირსიპირებასთან კავშირს “ქართული ოცნება” უარყოფს. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო მოხდა და წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულია 4 ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესიც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს.