განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ ხვალ, 15 თებერვალს საქართველოში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად არიან მოსწავლეების მისაღებად და სკოლებში უსაფრთხოების ზომები დაცულია. ეკატერინე დგებუაძე მშობლებს სთხოვს, დაიცვან წესები, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკები შემცირდეს.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავამშვიდო მშობლები – ის ორგანიზებული პროცესები, რომლებიც მათ შვილებს სკოლაში დახვდებათ, ერთი მხრივ, არის სწორი სასწავლო პროცესი და მეორე მხრივ – სკოლებში მომუშავე ადამიანების უფლებების დაცვა. კიდევ ერთხელ ვთხოვ მშობლებს, თუ ჩვენ წესებს დავიცავთ, კიდევ უფრო მინიმუმამდე დავიყვანთ იმ რისკებს, რასაც ჰქვია ჯანმრთელების მდგომარეობა. ასევე, აღსანიშნავია მონიტორინგიც. გვითხარით, თუ რაიმე გამოწვევა იქნება, რათა სწორი და სწრაფი რეაგირება შეძლოს სისტემამ, სკოლამ. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების ტესტირება დაიწყო და ხვალ, როცა სასწავლო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება, პრევენციაც გაგრძელდება. ძალიან მინიმალურია მასწავლებლებში ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაგრამ კარგია ის, რომ ხვალ ის ადამიანები სკოლაში არ მივლენ. ტესტირებები გაგრძელდება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაიტესტებიან ეს ადამიანები“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან, დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.