საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი FRANCE 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა რუსმა ოლიგარქმა მოახდინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ახალი პოლიტიკური კარიერის შექმნა უკრაინაში დაიწყო, ოთხშაბათს, მოქალაქეობა ჩამოართვეს.
მაუწყებლის ცნობით, სააკაშვილი პირობას დებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის, რომელიც რუსულ კომპანია გაზპრომის მთავარი მფლობელია, მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„პოროშენკო ამ დროს წავიდა, შეხვდა ბიძინა ივანიშვილს საქართველოში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ“,_ამბობს სააკაშვილი.
„ეს არის 2 ოლიგარქის გაერთიანება ჩემ წინააღმდეგ, ვისაც ფული არ აქვს. ახლა მე არ მაქვს პასპორტი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ეშინიათ“, _ ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს, უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო შეუწყდა, ბოლო გადაწყვეტილებამ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ კი ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე მოქალაქეობის არმქონედ დატოვა.
FRANCE 24-თან საუბარში სააკაშვილი პოროშენკოს კორუფციაში ადანაშაულებს.
„პოროშენკომ საკმარისზე მეტი გააკეთა თავის თანამოაზრე ოლიგარქებთან ერთად კორუფციის ხელშესაწყობად“,_ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს ქმედებები ვიქტორ იანუკოვოჩის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებს ჰგავს.
„პოროშენკოს ქმედებები იანუკოვოჩის ქმედების მსგავსია და ვინმემ უნდა შეახსენოს, რომ იანუკოვიჩმა ძალიან ცუდად დაასრულა“, _ ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, ის არ აპირებს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავშესაფარი სთხოვოს და უკრაინაში დასაბრუნებლად იბრძოლებს.
„ისინი ცდილობენ, ჩამომიშორონ, მაგრამ იმედები გაუცრუვდებათ. თანამედროვე მსოფლიოში ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ დიქტატორები ოპოზიციის ჩამოშორებას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. არ ვაპირებ თავშესაფრის ძებნას, დავბრუნდები უკრაინაში“, _ აცხადებს ის.