ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, მალხაზ პაქსაშვილის მეგობრის ლევან დუიშვილის განცხადებით, გამორიცხულია, რომ პაქსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.
როგორც დუიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მალხაზ პაქსაშვილი არა სირიაში, არამედ თურქეთში იმყოფებოდა და ამ დრომდე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ იყო.
„მალხაზ პაქსაშვილი არის ჩემი მეგობარი, იყო სოფელში ძალიან აქტიური და ხეობისთვის კეთილმოსურნე ადამიანი. ყველანაირად ცდილობდა, რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა თავისი სოფლისთვის. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა მასთან შემხებლობაში არ ყოფილა. ამბობენ, რომ ბრალი ედება 2015 წელს ტერორისტულ საქმიანობაში. ეს არის აბსურდი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეთითხნილი ბრალდება. ამას ვადასტურებ, ვამოწმებ, რომ ეს ასეა და ის არის გაწირული სხვა საქმეზე, არ ვიცი რაზე. თურქეთში იყო, მე როგორც ვიცი, და დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთში იყო და არანაირ სირიასთან მას შემხებლობა არ ჰქონია.
მე არ შემიმჩნევია, მას რომ კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან ან რამესთან, ან ისეთი რაღაც გაეკეთებინა, რაც კანონმდებლობასთან ყოფილიყო წინააღმდეგობაში.
ეს ყველაფერი არის სპეცსამსახურების რაღაც დაკვეთა, რომ აქედან მოეშორებინათ, არ ვიცი რაზე. დარწმუნებული ვარ, ტოხოსაშვილებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და სუს-ს მტკიცებულება არ გააჩნია.
იქამდე არანაირი ძებნა არ ყოფილა, გადაადგილდებოდა როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ახმეტაში იყო დაბარებული, როგორც თქვა, დაკავებამდე 2 საათით ადრე. გაუგებარი თემა ჰქონდათ, რომ რაღაცაზე უნდა დაგკითხოთო. ნასამართლევიც არ ყოფილა და საერთოდ ძალოვნებთან რამე შემხებლობა რომ ჰქონოდა, მე არ მახსოვს“, – თქვა მალხაზ პაქსაშვილის მეგობარმა.