გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, ლანჩხუთში დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი, ოზურგეთელი ბიზნესმენი სიკო მეხუზლაა.
როგორც მისმა დამ, ნანა მეხუზლამ გვითხრა, ბიზნესმენი სასამართლოს განჩინებითაა დაკავებული და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით წაუყენეს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
სიკო მეხუზლა ოზურგეთში რამდენიმე კარიერს ფლობდა.
ნანა მეხუზლა ამბობს, რომ მის ძმას ყველა დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა:
_ არადა, სულ წესრიგში აქვს ყველაფერი. უსაბუთო და უკანონო რომ იყოს აქამდე 9-ჯერ დაიჭერდნენ. უსაბუთოდ ვინც მუშაობს, ის ხალხი არც იკითხება _ მოსპეს ყველაფერი და თან არც აწუხებენ. სიკოს არ ამუშავებდნენ, ყველგან ბლოკავდნენ, იმიტომ რომ დაირღვა სიმშვიდე “ბობოლების”. მხოლოდ ორი-სამი კაცი უნდა ,,ჭამდეს” ოზურგეთს. გონებით და შრომით მოპოვება დანაშაულია დღევანდელ რეალობაში. ეს დევნააა და გაიხსნება ეს კარტი ძალიან მალე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნანა მეხუზლამ.
მისივე თქმით, სიკო მეხუზლასთან ერთად მათი ბიძაშვილი დააკავეს:
_მოცვის მოყვანა სურდათ და ლანჩხუთში შესაბამის ტრენინგს ესწრებოდნენ. როგორ მითხრეს, მანქანის ნომერი გამოაცხადეს, პატრონს ეძებენო. გავიდნენ და დააკავეს. 20 კაცი ელოდებოდა, თითქოს ყაჩაღები ყავდათ დასაჭერი, _ გვითხრა ნანა მეხუზლამ.
ბრალდებულის უფლებადაცმველის, მერაბ ფუტკარაია ამბობს, რომ საქმის დეტალები არ იცის:
_ სიკოს დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ შემატყობინა. ვიცი, რომ თბილისში ჰყავთ გადაყვანილი. სხვა დეტალებს არ ვფლობ, _ თქვა ფუტკარაიამ.
აღსანიშნავია, რომ სიკო მეხუზლა, რამდენიმე დღის წინ “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულ დევნას ჰქონდა ადგილი.
“თქვენი დახმარება მჭირდება. ძალიან ცუდ დღეში ჩამაყენეს. ხელოვნურად გამაკოტრეს. მიზანმიმართული დევნაა”, _ აღნიშნა ორშაბათს, ჩვენთან საუბრისას მეხუზლამ.
მეხუზლასთან ინტერვიუ, შეთანხმებისამებრ, ამ კვირაში უნდა ჩაწერილიყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ იგი დღეს დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია რა ბრალდებით არის დაკავებული მეხუზლა.
აღსანიშნავია, რომ მის მიმართ, სუს-ს ინტერესი ადრეც ჰქონდა.
გასული წლის თებერვალში, მეხუზლა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაჩხრიკეს, ტელეფონი ჩამოართვეს და დაკითხეს კიდეც.
მაშინ მეხუზლას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ, რომ საქმე ეხებოდა ანტიკორუფციულ სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებულ ინერტულ მასალებს ეხება.