საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ ოთხ პირს, რომელთა შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი (საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე) ირაკლი კაკულიაა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხსენებულ პირებს, მათ შორის კაკულიას, მერად მუშაობისას ჩადენილ კანონდარღვევებს ედავებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება – ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც