თბილისში, შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა.
მან, ასევე, შარტავას ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
„დღეს ვიწყებთ ერთ კიდევ მსხვილ პროექტს, ეს არის შარტავას ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანი შეცვლა, ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები. ასევე შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ტროტუარებზე მოეწყობა შშპ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები, ასევე გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას. ასევე პეკინს და შეიქმნება 1 დიდი წრე. ამ პროექტში იხარჯება, დაახლოებით, 3 მილიონ 200 ათასი ლარი, ხოლო კომპანია Georgian Water and Power აღნიშნულ ლოკაციაზე 800 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რის ფარგლებშიც წყლის ქსელების შეცვლა მოხდება“, _განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.