ვინ შეუკვეთა და ვის უნდა შეესრულებინა ნიკა გვარამიას მკვლელობის საქმე – “ნოდარ მელაძის შაბათი” სკანდალურ ინტერვიუს ავრცელებს.
სპეცსამსახურების თანამშრომელი დავით დათაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმე იგეგმებოდა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ ოსეთიდან შეატყობინეს, რომ მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მოსაკლავად, ჩამოსულმა კილერმა საქმე ჩააგდო და დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ თბილისში ახალი ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს და მისი დახმარება დასჭირდებათ. ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში წითელუბნით გადმოყვანილი ოსი ეროვნების მამაკაცი კი ცხინვალის გავლით უკან გადაიყვანეს.
დათაშვილი ჰყვება, რომ 2021 წლის ზაფხულში, საქართველოში უკვე კილერების მეორე ჯგუფი ჩამოვიდა არტურ გელიევიის ხელმძღვანელობით, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის მტკიცებით, ამის შემდეგ დაიწყო ნიკა გვარამიას თვალთვალი, ადგენენ მისი გადაადგილების მარშრუტს, გვარამიას მკვლელობის გეგმაში, აფეთქებასთან და გასროლასთან ერთად, ქიმიური ნაერთით მოწამვლაც შედის.