გუშინ, 17 აგვისტოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში საკადასტრო ტექნიკური სამუშაოები დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები მესაკუთრეებს ადგილზე იძახებენ და ახდენენ მიწის ნაკვეთების აზომვას.

„გურია ნიუსი“ ადგილზე გაეცნო ვითარებას. დღის განმავლობაში, როგორც ვნახეთ და ადგილობრივებმაც გვითხრეს, იმდენად სქელი ნისლი იყო, რაც მახასიათებელია გომისმთისთვის, რამდენიმე მეტრშიც ჭირდა ხილვადობა. ამზომველებს უჭირდათ მუშაობა, ხალხს კი გადაადგილება.
ერთ-ერთ ლოკაციაზე ჩვენ კითხვა დავუსვით საჯარო რეესტრის წარმომადგენელს, რომელიც რეგისტრაციას ახდენდა:
_თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა რაოდენობის მუშაობის შესრულება მოახერხეთ ამ მომენტისთვის და რა ვითარებაა, გიშლით თუ არა ხელს მუშაობაში ნისლი? ან ხელისშემშლელი ფაქტორები თუ არის?
_რამდენიც შევძელით. კი, ნისლმა შეგვიშალა ხელი, – გვიპასუხა მან. ამის შემდეგ გადავუღეთ ფოტო, თუ როგორ ახდენდა მუშაობის პროცესს, რა დროსაც, მოულოდნელად ყვირილი, მუქარა და გინება დაიწყო რეესტრის წარმომადგენლის გასწვრივ, გრძელ სკამზე მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა. მან უცებ აიწია კაპიუშონი და ყვირილით მოგვმართა:
_რას იღებ აქ? რას მიღებ? დაგამტვრევ თავზე მაგ აპარატს, დაგაგორებ მაგ ფოტოაპარატიანად და გადაგაყლაპებ კიდე მაგ ფოტოაპარატს. მეტი არ გადაიღოთ აქ. მიიღე? ააააა, მიიიღეე – ყვიროდა ის და გინების კორიანტელი დააყენა. მის გვერდით მჯდომი მეორე ახალგაზრდა კი იცინოდა და თითების კომბინაციას აკეთებდა ჩვენი მისამართით.
კაპიუშონიანი, სავარაუდოდო თრობის ქვეშ იყო. (რა სახის, ვერ ვივარაუდებ. ავტ.) მას ჩვენ არანაირად არ შევპასუხებივართ. სასწრაფოდ დავრეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში.
ადგილზე მალე მოვიდნენ ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ გამოგვიკთხეს დაწვრილებით. მათ გადავეცით მაიდენტიფიცირებელი ფოტოები.
დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს დროულად გაარკვევენ.
ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე იქნეს გამოვლენილი იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ასე თავნებობენ გომისმთაზე და მუქარაზე გადასულნი, თითქმის მოკვლითაც კი გვემუქრებიან.
„გურია ნიუსი“ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, გომისმთაზე არსებული ზოგად სურათზე, რაც საკადასტრო ტექნიკური სამუშაოების დაწყების ფონზე ჩანს.
































































