„გურია ნიუსის“ კორესპონდენტი სამტრედიაში, ნინო ნანიტაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა მოქალაქეობრივი ვალის მოხდას და ხმის მიცემას ვერ ახერხებს.
ნანიტაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით მიმართა, ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მის მეუღლეს აღმოაჩნდა.
„ახალი კორონავირუსის დადასტურების გამო 17 ოქტომბრიდან თვითიზოლაციაში ვიმყოფები. როცა მეუღლესაც დადებითი პასუხი მოუვიდა, ჩემი თვითიზოლაციიდან გამოსვლის თარიღმა 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გადაიწია. ამდენად, ოჯახი დროულად დავრეგისტრირდით ცესკოში და მოვითხოვეთ გადასატანი ყუთი. დაახლოებით, 15 წუთის წინ სამტრედიაში, ფანჯიკიძის 44 ნომერში მოიტანეს გადასატანი ყუთი და აღმოჩნდა, რომ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ჩემს მეუღლეს, ბადრი ვაშაკიძეს ჰქონდა. ცხადია, მან შეძლო თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება, სამწუხაროდ, მე, ნინო ნანიტაშვილმა-ვერა. მაქვს მაღალი თვითშეგნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი და არაფერი სიმპტომი არ გამაჩნდა, ამ 15 დღის განმავლობაში ეზოს გარეთ ფეხი არ გადამიდგამს და მოთმინებით ველოდები 2 ნოემბრის მოსვლას და ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმში ჩადგომას. მირჩიეთ რა ვქნა: მივიდე საარჩევნო უბანზე და დავაფეთო ხალხი, თუ დავკარგო 2020-ის არჩევნებში ჩემი ხმა?!”,_ ამბობს ნანიტაშვილი.