2024 წელს რეგიონული განვითარების ფონდით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად ამ ეტაპისთვის ჯამში 16 მილიონ 200 ათასი ლარი გახარჯვაა გათვალისწინებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული პროექტის ფარგლებში 13 ქუჩის რეაბილიტაციის განხორციელებაა დაგეგმილი და საამისოდ 6 მილიონ 300 ათასი ლარი მიიმართება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე წლისთვის რეაბილიტაცია განხორციელდება:ბაგრატიონის, ბესიკის, ჩაჩავას, ხოფერიას, გოგებაშვილის, რ. ებრალიძის, თამარ მეფის, საფო მგელაძის, ებრალიძის, თბილისის, მორჩილაძის, თავისუფლების დაჭავჭავაძის (მე-2 ნაწილი) ქუჩებზე.
გარდა ქუჩების მოწყობისა, ზემონახსენები პროექტის ფარგლებში, როგორც ირკვევა ქალაქში თანხები აგრარული ბაზრის, ავტოსალაროსა და ბავშვთა გასართობი სკვერის მოწყობასაც უნდა მოხმარდეს, რისთვისაც 3 მილიონ 300 ათასი ლარია გაწერილი.
რაც შეეხება დარჩენილ 6 მილიონ 600 ათასი ლარს, მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად ის შუხუთის, აკეთის, აცანის, მამათის, ჩიბათის, ნინოშვილის, ნიგვზიანის, ღრმაღელის, ნიგოითის, მაჩხვარეთის, ჩოჩხათის, ჯურუყვეთის, ლესის, სუფსის და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიხარჯება სოფლებს შორის დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის.