„…ნასვამი ადამიანიც დაგვიკავებია, მოუყენებია შეურაცხყოფა, მარა მეორე დღეს მოუნანიებია. ამან, ფხიზელმა ადამიანმა დამარცვლით გვაგინა თქვენ დედებს ასე ვუზამო და თქვენ ვერ უზამთ ჩემ დედასო… მთელი გზის განმავლობაში არ გაჩერებულა, არ შეუწყვეტია გინება. ყველაზე მეტად უპატივცემულოდ თავი ვიგრძენი იმ მომენტში… შებოჭვის მომენტში პირველი და მეორე მახსოვს პატივცემულო მოსამართლე რო მომხვდა სახეში, აი, მერე რამდენი მომხვდა ნამდვილად აღარ მახოვს. ნამდვილად არ დამითვლია…“(დავით ნაკაშიძის ჩვენებიდან; სტილი დაცულია. ავტ).
„…არ დაემორჩილა ისევ და მოვკიდე ხელი, გაკავებთ-თქო. გურამმა ხელი უხეშად მკრა: „ხელი ჩაწიე, ბიჭო, ტელეფონზე უნდა დავრეკო, რა უნდა ჩამოვიდე ძირსო“. ეს რომ მივიღე ქამარში მოვკიდე ხელი. როგორც კი დავიწყე ფიზიკური ძალის გამოყენება, რომ გადმოგვეყვანა მანქანიდან, აქ უკვე იწყება მერაბ ხიდაშელის აგრესიული ის… გადმოხტა მანქანიდან, მოუარა და „თქვენ ბიჭო, რას გადაი…ით თავზეო“. ამ სიტყვებით და მოგვაშორა მანქანას ხელის კვრით ორივე…“ (ავთანდილ ვეფხვაძის ჩვენებიდან, სტილი დაცულია, ავტ.) _ ეს ამონარიდები იმ პოლიციელთა ჩვენებებიდანაა, რომლებიც 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, მათივე მონათხრობით, ორმა სამოქალაქო პირმა სცემა.
პოლიციელები ყვებიან, რომ ავტომანქანა, რომლითაც საქმეში ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, გურამ ცხადაძემ ვერ წარმოადგინა მართვის მოწმობა. წინააღმდეგობა კი, მოგვიანებით, სიტყვერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც პოლიციელების დაზიანებები მოყვა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, დავით ნაკაშიძის თვალბუდის არის, ხოლო ამავე სამმართველოს მეორე პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის სამსახურებრივი მაისურის დაზიანება.
ბრალდებულის სახით, იმ დღესვე დააკავეს მერაბ ხიდაშელი და გურამ ცხადაძე. ისინი ამჟამად, სასამართლო პროცესების დასრულებამდე საპატიმრო დაწესებულებიდან 5000-ლარიაანი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. საქმის განხილვა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მე-7 თვეა მიმდინარეობს.
ჩვენებებს, რომელიც „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად სასამართლო სხდომაზე მოიპოვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ. იხილეთ ვიდეო ჩანაწერები.
აქვე განვმარტავთ, რომ „გურია ნიუსს“ აქვს ყველა მოწმის სასამართლოზე მიცემული ჩვენების ამსახველი ფოტო და აუდიო მასალაც.
დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების დაკითხვიდან
დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის და მისი მეწყვილე დავით ნაკაშიძე ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, რა დროსაც „როვერის“ ფირმის ავტომანქანამ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და გამოიწვია საცობი. ამის შემდეგ პოლიციელებმა მძღოლს მოუწოდეს გაჩერებულიყო და დოკუმენტაცია წარმოდგინა, რასაც ავტომანქანის მძღოლი გურამ ცხადაძე არ დაემორჩილა.
პოლიციელების რამდენჯერმე მოთხოვნის მიუხედავად, როგორც ავთანდილ ვეფხვაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, გურამ ცხადაძე პასუხობდა: „არ გაძლევთ საბუთებს, დაურეკეთ თქვენ უფროსს და გეტყვით ვინ ვართო“.
მისივე თქმით, მძღოლის გვერდით მჯდომი პირიც, „მერაბ ხიდაშელიც გვპასუხობდა, „აუ, თავი დაგვანებე რა, არ ვართ ვიღაცეებიო“, ისეთი ტონით რა… „შეგვეშვითო“.
ვეფხვაძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ მას და მის მეწყვილეს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან „თვალები ჰქონდა დაწითლებული“.
„შემოწმების მიზნით და მისი პიროვნების დასადგენად, ვუთხარით რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაგვეყვანა, რაზეც არ დაგვემორჩილა. „ე, ბიჭო, სად უნდა წამოგყვეთ, დაჯექი თუ გინდა და გამოგყვები მე ჩემი მანქანითო“. ზუსტად ეს ტონი ჰქონდა. კიდევ ავუხსენი თუ არ ემორჩილებით ჩვენს კანონიერ მოთხოვნას დაგაკავებ–მეთქი. გამოვუღე კარები და ჩამობრძანდით-თქო, ვუთხარი. თან ამავე დროს ბატონი მერაბიც იქედან გვეპასუხება, რომ „დაკარგავთ სამსახურს, ვიღაცეები არ ვართ“ და ასეთი ის არის... ვუთხარი, თქვენ არ ხართ მძღოლი, მე მძღოლს ვესაუბრები სამართალდარღვევაზე და გთხოვთ თავი შეიკავოთ-თქო. გურამს კვლავ მოვუწოდე გადმოსულიყო. არ დაემორჩილა ისევ და მოვკიდე ხელი, გაკავებთ-თქო. გურამმა ხელი უხეშად მკრა: „ხელი ჩაწიე, ბიჭო, ტელეფონზე უნდა დავრეკო, რა უნდა ჩამოვიდე ძირსო“. ეს რომ მივიღე ქამარში მოვკიდე ხელი. როგორც კი დავიწყე ფიზიკური ძალის გამოყენება, რომ გადმოგვეყვანა მანქანიდან, აქ უკვე იწყება მერაბ ხიდაშელის აგრესიული ის… გადმოხტა მანქანიდან, მოუარა და „თქვენ ბიჭო, ბოდიში და რას გადაიჯ…-ით თავზეო“. ამ სიტყვებით და მოგვაშორა მანქანას ხელის კვრით ორივე, გვერდიგვერდ ვიდექით მე და დათო (ნაკაშიძე). ვერ გავიგე მეთქი რა ხდება?! ძაან მოულოდნელი ის იყო, თან ფხიზელი იყო, ნასვამისგან შეიძლება კიდე ელოდო. ხელი გვკრა და „თქვენ ბიჭო ვინ გგონიათ თავი, რას გადა…-ით თავზეო“. ეს რო გააკეთა, ჩავლება გავუკეთე. პოლიციელები ვართ და ვიღაცაში არ შეგეშალოთ, არ აგერიოთ. და მერე რაო პოლიციელები რომ ხართო? მაღალია ჩემზე… „ვაფშე“ გაგასაცოდავებთო და თავი ჩამარტყა, მომარტყა სახეზე, თვალზე, თავზე. რა თქმა უნდა, დავიხიე უკან. ეს რომ დაინახა ნაკაშიძემ ჩაავლო ხელი. შემოხვია კისერზე, მეორე იღლიის ქვემოდან და შეეცადა რომ შეეკავებინა ეს უკვე იმაზე იყო. ამ დროს მე უკვე დარეკე, ჯგუფი ვითხოვე. ამ დროს ხდება ის, რომ ნაკაშიძე ამათი მანქანის „კაპოტზე“ მიაწვა და გადაწვა და მარცხენა ხელით დაუწყო ცემა, თან იგინება, „თქვენი დედა“, თან ურტყამს და მეც მივედი, მომიშორა ფეხი მკრა, მარჯვენა ფეხით. ამ დროს გურამმა გააღო კარები, მანქანიდან არ იყო გამოსული და კარებიდანვე დააკავა ნაკაშიძე დათო და დარჩნენ ასე. ფიზიკურად ძლიერია და ვეღარც იქეთ გადავედით, ვეღარც აქეთ. როგორც იქნა გამოცოცდნენ მერე აქეთ და დავაკავეთ ხიდაშელი. ამ დროს გურამი გამოვიდა ჩამავლო უკნიდან ხელი და დამაკავა მეც. თან ის გინება, ერთი ამბავია, შეიკრიბა ხალხი. დათოს მომაშორა, რომ ვეხმარებოდი. დამაკავა ფაქტობრივად. ხელი გამიშვი-მეთქი ვუძახი, დანაშაულია–თქო. როგორც იქნა დათოს ეცა მერე, ამასობაში მაისური შემომეხა. ამასობაში დათოს ეცა მერე ისევ. მომაშორა დათოს და ამან შეძლო წამოდგომა (ხიდაშელმა), ამასობაში ჯგუფიც მოვიდა. მე რომ მივედი ისევ ჩემზე გადმოვიდა. ხან ერთს გვაშორებდა, ხან მეორეს. მოვიდა ჯგუფი, ისევ დაკავებული ვყავდი. პოლიციელები რომ დაინახა გამიშვა ხელი და გაჩერდა. ზურა გაჩეჩილაძე რომ დაინახა, გადმოხტა მანქანიდან: „ბიჭო, რა დღეში ხართ, რა ხდებაო, ხელი გაუშვიო, გურამი გაჩერდა. ხიდაშელი იგინება ისევ, ეცნენ ბიჭები, ძირს იმასქნეს, დააკავეს, მერე ჩვენ გურამი დავაკავეთ და ეს სიტუაცია იყო. მერე გადმოვიყვანეთ პოლიციაში. დათოს ჰქონდა ცხვირი გატეხილი. სისხლი ასე აწვეთავდა თავზე რო ედგა… სისხლი ასე აწვეთავდა ხიდაშელს. ცხვირი გატეხილი, თვალი დაზიანებული, ასე შუა იმაში, დღისით, მზისით გვცემეს პოლიციელები“ (სტილი დაცულია; ავტ.), _ განაცხადა პოლიციელმა ავთანდილ ვეფხვაძემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დაკითხვისას 2017 წლის 16 ივნისს.
პროკურორის კითხვაზე უშუალოდ ვინ მოახდინა გურამ ცხადაძის დაკავება? მოწმე პასუხობს: „გურამ ცხადაძე დავაკავეთ მე, ზურაბ გაჩეჩილაძემ და გიგა ფანჩულიძემ, ხელბორკილი მე დავადე გურამ ცხადაძეს. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, მოწმე ცვლის ჩვენებას და ამბობს, რომ ცხადაძის დაკავებაში მელაძე და გაჩეჩილაძე ეხმარებოდა და დაკავებული სამმართველოში მელაძემ გადაიყვანა“.
რაც შეეხება ხიდაშელის დაკავებას, მისივე თქმით, ნაკაშიძემ, კოსინენკომ და ფანჩულიძემ განახორციელა.
„სანამ პოლიციაში მივედით მანქანაშიც არ გაჩერებულა, სიტყვიერ შეურაცხყოფებს გვაყენებდა. მთელი გზა გვაგინა, გვაფურთხა და რა ვიცი. პოლიციაში რომ გადავიყვანეთ გაჩერდა, ხალხი დაინახა იქ“,_ აღნიშნა ვეფხვაძემ.
ავთანდილ ვეფხვაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასავე განაცხადა, რომ გურამ ცხადაძის დაკავების მომენტში იქ იმყოფეოდნენ მისი მცირეწლოვანი შვილი და დედა. როგორც ვეფხვაძე ამბობს, დაკავებულს უფლებები ზურაბ გაჩეჩილაძემ განუმარტა, რაც არსებითად ეწინააღდეგება სხვა მოწმეების ჩვენებებს. კერძოდ, როგორც მოწმე მამუკა მელაძე ამბობს, გურამ ცხადაძეს უფლებები ზურაბ კოსინენკომ განუმარტა, თუმცა რა უფლებები განუმარტა, კონკრეტულად არ ახსოვს.
გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა არ იცის, რატომ არ დევს საქმეში შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. როგორც მან დაკითხვისას სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არის თუ არა იმ ტერიტორიაზე კამერები არ იცის.
„200-300 მეტრში არის კამერები. იქ არის თუ არა არ ვიცი. არ ვფლობ ინფორმაციას, არა მგონია იყოს. ამ კამერებით არ დავინტერესებულვარ“, _ განაცხადა ავთანდილ ვეფხვაძემ.
რაც შეეხება ბრალდებული პირების სამმართველოში გადაყვანის პროცესს, როგორც ვეფხვაძე ამბობს, ის სამმართველოში მერაბ ხიდაშელს გაჰყვა.
„ჩემთან ერთად იყო დავით ნაკაშიძე და ზურაბ კოსინენკო. ხიდაშელი პოლიციაში გადავიყვანეთ ჩვენი სამსახურებრივი მანქანით „ტოიოტა ჰაილუქსით“, _ აღნიშნა ვეფხვაძემ.
მოწმემ ვერ გაიხსენა, ვინ შეადგინა ბრალდებულ ხიდაშელის დაკავების ოქმი, ან არის თუ არა ამ ოქმზე მისი ხელმოწერა. არც ის იცის, ვინ მიიყვანა სამმართველოში მეორე ბრალდებული, გურაც ცხადაძე. თუმცა, ამბობს, რომ ორივე ბრალდებულის დაკავების ოქმი პოლიციის განყოფილებაში შეივსო, რადგან „ადგილზე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. დაკავებულები წინააღმდეგობას გვიწევდნენ და წვიმდა თან“, _ ამბობს ვეფხვაძე.
რაც შეეხება დაზარალებულად ცნობილ მეორე პირს, დავით ნაკაშიძეს, როგორც მან სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა, ბრალდებულ მერაბ ხიდაშელის დაკავებას ის თავად აწარმოებდა.
ვეფხვაძის მსგავსად, ნაკაშიძეც ამბობს, რომ გურამ ცხადაძე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ წარუდგინა მათ საბუთები, რასაც მოგვიანებით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
დავით ნაკაშიძის დაკითხვიდან:
„… მოვთხოვე საბუთები წარმოედგინა, რაზეც მითხრა უარი, საბუთებს არ წარმოგიდგენო. გავუმეორე კიდევ, ვუთხარი, საბუთები წარმომიდგინე-თქო. რაიმე საბუთი წარმომიდგინეთ, რითაც პიროვნების იდენტიფიცირებას მოვახდენ-თქო… ძღოლმა მითხრა თუ რამე გაინტერესებს, თუ ჩვენ ვინ ვართ, დაურეკეთ თქვენ ხელმძღვანელს, გეტყვით ვინ ვართო. ახლა ცოტა გაკვირვებული დავრჩი, იმდენად ცინიკურად გვესაუბრებოდა. გვეუბნებოდა დაურეკეთ თქვენ ხელმძღვანელსო. ამის შემდეგ გამოვუღეთ კარები და ავთანდილმა მოკიდა ხელი, გადმობრძანდით მანქანიდანო, როგორც შემდეგ გაირკვა გურამ ცხადაძეს. ავთანდილმა (ვეფხვაძემ) უთხრა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაგაკავებთ იცოდეთო ადმინისტრაციულადო. მაგრამ ცხადაძე „რულზე“ იყო ჩაბღაუჭებული და არ გადმოდიოდა მანქანიდან. ამ მომენტში წამები გავიდა, გადმოვიდა მძღოლის გვერდში მჯდომი ხიდაშელი და მოვიდა და პირდაპირ ასე ხელის კვრით: ბიჭო, რა გადეიჯ…ით თავზეო; პირდაპირ ასე გვითხრა. ცოტა უხერხულად ვიგრძენით თავი, „პროფკაა“, ხალხია ქუჩაში… ინერციით ორივე გავვარდით უკან. ავთანდილმა უთხრა: რას აკეთებთ, დაგაკავებთ ახლაო, აუცილებლადო, პოლიციის შეურაცხყოფისთვისო და წინააღმდეგობისთვისო.
“რა, ბიჭო? გაგასაცოდავებთო“ და თავი თავზე და თავის დარტყმით ასე… დაარტყა ავთანდილს. უკვე იძულებული გავხდი გამომეყენებინა ძალა და ხიდაშელი კისერზე და ხელზე შევბოჭე ასე. შებოჭვის მომენტში პირველი და მეორე მახსოვს პატივცემულო მოსამართლე რო მომხვდა სახეში, აი, მერე რამდენი მომხვდა ნამდვილად აღარ მახოვს. პიროვნება მიჩერებიხართ ძლიერი არის და პირველ შერკინებაზე ნამდვილად ვერაფერი ვერ ვუქენი, ძვრა ვერ ვუყავი. მეორე შერკინებაზე საშუალება მომეცა და მანქანის წინა „კაპოტზე“ გადავაწვინე. ეს პიროვნება ამ მომენტში ცემას და ხელის დარტყმას განაგრძობს. ნამდვილად არ დამითვლია რამდენი მომხვდა. პიროვნება, ვინც ჩხუბში მოხვედრილა, ვერავინ ვერ მოთვლის მაგას რამდენჯერ მოხვდა ხელი. მანქანაზე გადაწვენის პერიოდში „კაპოტზე“ ვართ გადაწვენილი, ზემოდან მე ვარ „კაპოტზე“, ქვემოთ ხიდაშელია. ვგრძნობ რომ მანქანიდან თითქმის თავდაღმართში ვარ, მაგრამ ვერ ვვარდები, ვერ ჩამოვათრიე ძირს. მოვიხედე უკან გაღებული კარებიდან ვუკავივარ ცხადაძეს. არ მაძლევს საშუალებას, ამ პიროვნებას მოვექცე ისე, როგორც საჭიროა. თან ვეფხვაძესაც აკავებს და არ აძლევს საშუალებას დამეხმაროს. ალბათ, ვეფხვაძეს მერე მიეცა იმის საშუალება, რომ გამოსხლტომოდა ამას და როგორც კი გააშვებინა ამას გადმოვვარდით ჩვენ და დავეცით ორთავე მანქანის წინ. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ვეფხვაძემ რა დროს გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. ამ მომენტში უკვე, ძირს გადმოვარდნისას დამხმარე ბიჭებიც მოვიდნენ, დაგვეხმარენ დაკავებაში, გავუკეთეთ ხელბორკილები ხიდაშელს, ჩავსვით მანქანაში და გადავიყვანეთ პოლიციის სამმართველოში. რის შემდეგადაც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და დავაკავეთ. …შეურაცხყოფა რავა არ მოუყენებიათ აქამდეც, ნასვამი ადამიანიც დაგვიკავებია, მარა მეორე დღეს მოუნანიებია. ამან, ფხიზელმა ადამიანმა დამარცვლით გვაგინა თქვენ დედებს ასე ვუზამო და თქვენ ვერ უზამთ ჩემ დედასო. მთელი გზის განმავლობაში არ გაჩერებულა, არ შეუწყვეტია გინება. ყველაზე მეტად უპატივცემულოდ თავი ვიგრძენი იმ მომენტში“ (სტილი დაცულია; ავტ.), _ აღნიშნა სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა დავით ნაკაშიძემ.
მისივე თქმით, „ვეფხვაძეს რომ საშუალება ჰქონოდა დამხმარებოდა, მე იმ დაზიანებასაც არ მივიღებდი, რაც მივიღე“.
თუმცა, ნაკაშიძემ ვერ გაიხსენა, კონკრეტულად, რომელი ეკიპაჟი რა დროს მივიდა მის დასახმარებლად და რომელი პოლიციელი ეხმარებოდა ხიდაშელის დაკავებაში. ადვოკატის დასმული კითხვის საპასუხოდ ნაკაშიძემ აღნიშნა: „გამარკვიეთ ეს გაჩეჩილაძე რამდენ ხანში მოვიდა. რა დროს მოვიდა და ვის ეცა პირველი, ვერ გავიგე. მეუბნებით კამათში არ შეხვიდეო… ჩხუბობ ადამიანი, ძირს ხარ წაქცეული, კაცს ვაკავებ და იმას მივაჩერდე ვინ სად, რა დროს მოდის?“ _ აღნიშნა ნაკაშიძემ. მოწმემ ვერც ის გაიხსენა, განემარტათ თუ არა ბრალდებულ პირებს დაკავებისას მათი უფლებების შესახებ:
„ბატონო მოსამართლე, მათხოვოს დაკავების ოქმი, გადავხედავ და ვუპასუხებ. მეკითხება ეს თუ განემარტა, ის თუ განემარტაო და… არ მახსოვს და… აუცილებლად განუმარტავდა. ალბათ, განუმარტავდა“, _ განაცხადა ნაკაშიძემ.
რას აცხადებენ პოლიციელი მოწმეები
რაც შეეხება ავთანდილ ვეფხვაძისა და დავით ნაკაშიძის დასახმარებლად ადგილზე მისულ პოლიციელებს, სასამართლო პროცესზე მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს. პოლიციელების ნაწილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული პირები მათი მისვლის შემდეგაც უწევდნენ წინააღმდეგობას, მეტიც, მოწმე ზურაბ კოსინენკოს ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა მერაბ ხიდაშელმა არა მარტო დავით ნაკაშიძე სცემა, ხელი კოსინენკოს და სხვა პოლიციელებსაც დაარტყა. რაც არ დასტურდება საქმის მასალებიდან და მოწმეების გამოძიებისას შედგენილი გამოკითხვის ოქმებით. ამავეს ამბობს მოწმე გიგა ფაჩულიძეც, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავის მეწყვილე, მამუკა მელაძესთან ერთად მივიდა. როგორც მან სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, „მერაბ ხიდაშელი ჩვენი მისვლის შემდეგაც გვიწევდა წინააღმდეგობას, გვეჯიკავებოდა და მანქანაში არ ჯდებოდა“.
ფანჩულიძემ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მისვლისთანავე შეამჩნია დაზიანებები პოლიციელებს _ ნაკაშიძესა და ვეფხვაძეს. თუმცა განაცხადა, რომ ხიდაშელის მხრიდან პოლიციელებისთის ხელის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს.
„ხელის დარტყმის მომენტი არ დამინახავს. სისხლი უკვე მოსდიოდა ნაკაშიძეს თვალის და ცხვირის არეში, რომ მივედი“. რაც შეეხება ვეფხვაძის დაზიანებებს, როგორც ფანჩულიძემ აღნიშნა, ეს ხიდაშელის მანქანაში ჩასმის შემდეგ შეამჩნია. „სახეზე გაწითლებული იყო“, _ამბობს ფანჩულიძე.
თუმცა, ადვოკატის კითხვაზე: უთხარით თუ არა გამომძიებელს კონკრეტული დაზიანებების შესახებ, მოწმე ამბობს, რომ არ ახსოვს გამომძიებელს რა უთხრა.
ამის შემდეგ ადვოკატმა გიგა ფანჩულიძის გამოკითხვის ოქმი ნაწილობრივ გამოაქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ: „დავით ნაკაშიძეს დაზიანებები აღენებიშნებოდა სახეზე, ასევე მოსდიოდა სისხლიც, ხოლო ავთანდილ ვეფხვაძეს შემოხეული ჰქონდა პოლიციის ფორმის მაისურის საყელო და გაწითლებული ჰქონდა ცხვირი და თვალის არე“.
მოწმე ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას შემთხვევიდან დიდი დროის გასვლით ხსნის: „არ მახსოვს რა ვუთხარი გამომძიებელს“. მოწმე ვერც იმას იხსენებს, რა ვითარებაში გამოკითხა გამომძიებელმა.
გარდა ამისა, ფანჩულიძე ამბობს, რომ დაკავებისას მერაბ ხიდაშელს უფლებები ზურაბ კოსინენკომ განუმარტა.
თუმცა ვერ იხსენებს, ვინ წაიყვანა ხიდაშელი განყოფილებაში. მოწმე ამბობს, რომ მხოლოდ ნაკაშიძე ახსოვს. მოწმეს არც ის ახსოვს, ვინ დარჩა მასთან ერთად, ან ვისთან ერთად მივიდა განყოფილებაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ. არც ის იცის რამდენ წუთში მიიყვანეს დაკავებულები ცხადაძე და ხიდაშელი განყოფილებაში, რადგან ის მათ არ გაყოლია.
„ხიდაშელის დაკავების ოქმი განყოფილებაში შეადგინა კოსინენკომ, თუმცა მე ადგილზე არ ვიყავი და არც ოქმის შედგენას დავსწრებივარ“, _ განაცხადა ფანჩულიძემ.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულის, გურამ ცხადაძის დაკავებას, ფანჩულიძე ამ მომენტს საერთოდ ვერ იხსენებს.
„ ყურადღებას ვერ მივაქცევდი და არც მქონა ამის საშუალება“, _ განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე. ასევე ის ვერ იხსენებს, იგინებოდა თუ არა ცხადაძე.
„ეს მე არ გამიგონია“, _ აღნიშნა ფანჩულიძემ.
რაც შეეხება ვიდეოკამერების არსებობას შემთხვევის ადგილზე, ფანჩულიძე ამბობს, რომ „მათ არსებობას ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებ“.
გიგა ფანჩულიძის მეწყვილის, მამუკა მელაძის დაკითხვიდან კი ირკვევა, რომ ის მხოლოდ გურამ ცხადაძის დაკავებაში მონაწილეობდა.
მელაძე ამბობს, რომ „ნაკაშიძეს სისხლი ჰქონდა თვალზე. ვეფხვაძისთვის ფიზიკური დაზიანება არ შემიმჩნევია, მაისური იყო დახეული“.
მისივე თქმით, ვეფხვაძეს პოლიციის მაისური ეცვა, თუმცა დაკითხვისას მოწმეს არ უთქვამს, რომ ვეფხვაძეს მაისურზე პოლიციის სამსახურებრივი ქურთუკიც ეცვა, რომლის შიგნითაც მაისური დაიხა.
რაც შეეხება ცხადაძის დაკავებას, როგორც მელაძემ დაკითხვისას აღნიშნა, დაკავებაში მას ზურაბ გაჩეჩილაძე და ავთანდილ ვეფხვაძე ეხმარებოდა. ხოლო პოლიციის სამმართველოში ცხადაძე მელაძემ გადაიყვანა ცხადაძის საკუთარი ავტომობილით და არა პოლიციის მანქანით.
მისივე თქმით, მანქანაში ცხადაძის და მელაძის გარდა იმყოფებოდნენ ცხადაძის მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი (დედა).
„მანქანა პოლიციის განყოფილებაში მივიყვანე და ქალი და ბავშვი შიგნით დავტოვე. ცხადაძე შევიყვანე განყოფილებაში“, _ განაცხადა მოწმემ დაკითხვისას.
მელაძე ამბობს, რომ ვეფხვაძისა და ნაკაშიძის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა, თუმცა რა უშლიდა ხელს დაკავებული პირების სამმართველოში პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანებით გადაყვანას, ვერ ხსნის. ვერც იმას ამბობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელი მუხლით იხელმძღვანელა, როდესაც დაკავებული ცხადაძე საკუთარი ავტომობილით მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, როდესაც არც იცოდა, რომ ავტომანქანა ცხადაძის საკუთრება იყო. გარდა ამისა, მელაძემ აღნიშნა, რომ ცხადაძისგან ნებართვაც არ აუღია – „არც მჭირდებოდა ამის ნებართვა ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე“, _ განაცხადა მელაძემ.
პოლიციის ინსპექტორ-გამომიებელი ვერც იმას ამბობს, ჰქონდა თუ არა უფლება დაკავებულთან ერთად განყოფილებაში დედა და მცირეწლოვანი შვილიც გადაეყვანა.
„ჩემთვის ესეა ცნობილი რომ ეს კანონდარღვევა არ არის“, _ განაცხადა მელაძემ დაკითხვისას და დასძინა, რომ „ცხადაძემ მითხრა ბავშვი ჩემია, სხვა მანქანით რომ წავიყვანოთ ინერვიულებსო, ამიტომ წინააღდეგობასაც რადგან არ წევდა, გადავიყვანე თავისი მანქანით“. მისივე თქმით, ცხადაძეს არც უფლებების განმარტების მომენტში და არც პოლიციაში გადაყვანისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მისივე თქმით, „ცხადაძე რომ მანქანაში ჩავსვი პირდაპირ პოლიციაში წავედი. არ დამინახავს სად იყო მეორე ბრალდებული ამ დროს, არც ის ვიცი, დაკავებული იყო თუ არა“.
მოწმე ვერც იმას იხსენებს, სად იყვნენ ამ დროს ხიდაშელის დამკავებელი პოლიციელები და არც ის იცის სად დარჩა მისი მეწყვილე გიგა ფანჩულიძე. მელაძემ ვერც ის გაიხსენა ვინ უფრო ადრე დააკავეს ხიდაშელი თუ ცხადაძე, ან რომელი მიიყვანეს პირველი განყოფილებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის მონაწილე და ბრალდებულების დამკავებელი ვერცერთი პოლიციელი ვერ იხსენებს ზუსტ დროს, რამდენ ხანს გაგრძელდა აღნიშნული კონფლიქტი და რა დრო დასჭირდა ბრალდებულების დაკავებას. მელაძე ამბობს, რომ გურამ ცხადაძეს საკუთარი უფლებების შესახებ ადგილზე განემარტა, თუმცა არ იცის კონკრეტულად რა განუმარტეს.
დაკავების ოქმი კი, პოლიციის განყოფილებაში შეავსეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, უფლებების განმარტების შემდეგ ცხადაძეს ხელბორკილი დაადეს, თუმცა ვინ დაადო და როგორ, ეს მომენტი არ ახსოვს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულის, მერაბ ხიდაშელის დაკავება და კონფლიქტში მონაწილეობის დეტალები, მელაძემ სასამართლო სხდომაზე ვერ გაიხსენა. მოწმემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ჩემი მისვლის მომენტში იგინებოდა ხიდაშელი, მაგრამ ვისი მისამართით არ ვიცი. ამ მომენტში ჰქონდა ფიზიკური ურთიერთობა ნაკაშიძესთან“.
კიდევ ერთი მოწმის, ზურაბ კოსინენკოს ჩვენებიდან:
„ზურაბ გაჩეჩილაძესთან ერთად ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 1-ის ნახევრამდე დამირეკა ილია ჭიღლაშვილმა და მითხრა, რომ ჩვენს თანამშრომლებს ავთანდილ ვეფხვაძეს და დავით ნაკაშიძეს სჭირდებოდათ დახმარება ბაზრის ტერიტორიაზე. დაახლოებით, ორ წუთში იქ ვიყავით. მისვლისთანავე დავინახეთ, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ ბატონი ხიდაშელი და ცხადაძე. ჩვენი მისვლის შემდეგაც გვაგინებდა და გვიწევდა წინააღმდეგობას ხიდაშელი“, _ განაცხადა კოსინენკომ.
„ჩემი მისვლის მომენტში ნაკაშიძეს მოსდიოდა სისხლი ცხვირიდან და წარბის არედან (წარბის დაზიანების შესახებ ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი. ავტ.). ჩემი მისვლის შემდეგაც მოუქნია ხიდაშელმა ხელი ნაკაძიშეს და მოხვდა კიდეც. დავინახე, მოხვდა ხელი სახეში, არ დამითვლია რამდენჯერ. ხიდაშელი მანქანაში ჩასმის დროსაც იქაჩებოდა… ხიდაშელის მოქნეული ხელი მეც მომხვდა,, ფანჩულიძესაც და ვეფხვაძესაც მკერდის არეში“ (სტილი დაცულია; ავტ.)“, _ განაცხადა კოსინენკომ.
მისივე თქმით, დაკავებულ მერაბ ხიდაშელს ბრალდებულის უფლებების შესახებ მან ადგილზე განუმარტა, თუმცა მოწმემ ვერ გაიხსენა რა უფლებების შესახებ განუმარტა დაკავებულს ან ვინ ესწრებოდა უფლებების განმარტების მომენტს.
კოსინენკო ამბობს, რომ მერაბ ხიდაშელის დაკავების ოქმი პოლიციის განყოფილებაში მან შეადგინა. მანვე, დაკითხვისას აღნიშნა, რომ დაკავებული ხიდაშელი რამდენჯერმე მოინახულა ზესტაფონის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ შოთა ფორჩხიძემ, რაც ფორჩხიძემ მოგვიანებით უარყო.
კოსინენკომ ვერ გაიხსენა სად იმყოფებოდა ხიდაშელის დაკავებისას მეორე ბრალდებული გურამ ცხადაძე ან ნახა თუ არა სამმართველოს შენობაში ის და მისი დამკავებელი პირები.
პოლიციელი მოწმის, ილია ჭიღლაშვილის ჩვენებიდან, რომელიც ხიდაშელისა და ცხადაძის დაკავების დღეს სამმართელოში მორიგე იყო:
„პოლიციის ოპერატიულ ჯგუფებს მე შევატყობინე, რადგან ჩემთან დარეკა ავთანდილ ვეფხვაძემ და მითხრა, რომ სახაჭაპურე „აიასთან“ სჭირდებოდათ დახმარება. ეს იყო დაახლოებით 1-ის 20 წუთი. 5 წუთის განმავლობაში დავრეკე ჯერ უფროსთან და შემდეგ ჯგუფებთან, რომელს დავურეკე პირველად, რომელ ჯგუფს არ მახსოვს. ამ ზარიდან დაახლოებით, 10-15 წუთში შემოიყვანეს დაკავებულები, ჯერ ხიდაშელი და შემდეგ ცხადაძე.
ესენი რომ შემოიყვანეს, შემდეგ შემოვიდა ავთანდილ ვეფხვაძე. შესამჩნევი სიწითლე ჰქონდა სახის არეში და ფორმა შემოხეული. სისხლი არ დამინახავს. დაზიანება აღენიშნებოდა დავით ნაკაშიძეს, თვალბუდის“, _ განაცხადა ჭიღლაშვილმა.
მისივე თქმით, დაკავებული ხიდაშელი სამმართველოს შენობაში ზურაბ კოსინენკომ და გიგა ფანჩულიძემ შეიყვანეს, რაც თავად ფანჩულიძის და სხვა პოლიციელი მოწმეების ჩვენებებს ეწინააღმდეგება.
კერძოდ, გიგა ფანჩულიძე ამბობს, რომ დაკავებულს არ გაჰყოლია და სამმართველოს შენობაში მოგვიანებით მივიდა. სხვა მოწმეებიც ანალოგიურად ამბობენ, რომ დაკავებულ ხიდაშელს თან ავთანდილ ვეფხვაძე, დავით ნაკაშიძე და ზურაბ კოსინენკო გაყვნენ.
ჭიღლაშვილი ასევე აცხადებს, რომ მისი მოვალეობაა პოლიციის შენობაში დაკავებული პირების შეყვანა-გაყვანის დრო დააფიქსიროს; თუმცა ის კონკრეტულად ვერ იხსენებს, რა დროს შეიყვანეს სამმართველოს შენობაში ხიდაშელი და ცხადაძე, ან ვინ და რა დროს გაიყვანა ისინი პოლიციის შენობიდან.
ჭიღლაშვილმა ასევე ვერ გაიხსენა, ვინ აიყვანა შენობის მეორე სართულზე ბრალდებულები დასაკითხად, ან ვისთან აიყვანეს ისინი. მოწმემ ვერ დაასახელა ის დრო, როდის გადაიყავნეს ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში და რომელი თანმშრომელი გაჰყვა მათ. ასევე, ჭიღლაშვილს არ დაუნახავს, რით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში გურამ ცხადაძე და ეკეთა თუ არა მას ხელბორკილი. მან მხოლოდ ივარაუდა, რომ დაკავებულებს ხელბორკილის გარეშე სამმართველოში არავინ მიიყვანდა.
„სავარაუდოდ ექნებოდათ ხელბორკილი, თუმცა არ მახსოვს“, _ ამბობს ჭიღლაშვილი. ბრალდებული პირები კი აცხადებენ, რომ მათ ხელბორკილები პოლიციის შენობაში დაადეს. მეტიც, მერაბ ხიდაშელი შემთხვევის ადგილიდან თავისივე შარფით ხელებგაკრული წაიყვანეს. გურამ ცხადაძე კი, პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით გამოცხადდა და ხელბორკილი მოგვიანებით დაადეს.
დაკითხული პოლიციელების ნაწილის მსგავსად, ილია ჭიღლაშვილიც ამბობს, რომ მერაბ ხიდაშელსა და გურამ ცხადაძეს პოლიციის სამმართველოს პირველ სართულზე ერთმანეთი არ უნახავთ, რადგან პირველ სართულზე სხვადასხვა ოთახებში იყვნენ.
თუმცა, პოლიციელი მოწმეების ნაწილი აცხადებს, რომ პირველ სართულზე ოთახები არ არის და სამმართველოს შენობის ეს ნაწილი ერთი მთლიანი დარბაზია. ამ შემთხვევში კი, ცხადაძესა და ხიდაშელს ერთმანეთის ნახვის საშუალებაც ექნებოდათ.
რაც შეეხება ვიდეოკამერებს, რომლიც ჩანაწერებიც საქმეში არ დევს, ილია ჭიღლაშვილმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ პოლიციის შენობის გარეთ ვიდეოკამერები ნამდვილად არის. მისივე თქმით, ერთი ვიდეოკამერა შენობის შესასვლელს აკონტროლებს.
„კამერები დამონტაჟებულია, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს მასთან შეხება არ აქვს. გამორიცხულია ვინმეს იმ დღეს კამერა მოეხსნა. არცა არავინ მოსულა კამერების შესამოწმებლად“, _ განაცხადა მოწმემ დაკითხვისას.
რაც შეეხება ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის შოთა ფორჩხიძის დაკითხვას, მან სასამართლო სხდომაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც ბრალდებული პირების პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ განვითარდა. ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ ორივე მათგანი პოლიციის სამმართველოში ნახა, თუმცა მათთან არ უსაუბრია. ფორჩხიძემ კატეგორიულად უარყო, რომ ბრალდებულ პირებთან რაიმე სახის შეხება ან რიმე ინტერესი ჰქონდა მათთან დაკავშირებით..
„იმის გამო, რომ ხიდაშელმა და ცხადაძემ არ წარუდგინეს დოკუმენტაცია პოლიციის თანამშრომლებს, მათ სრული ჰქონდათ უფლება ისინი სამმართველოში გადაეყვანათ. მით უმეტეს, რომ მათ თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ და გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყვნენ ნასვამები. ამის შემდეგ ვეფხვაძე კიდებს ხელს ცხადაძეს რომ გადმოიყვანოს მანქანიდან“, _ აღნიშნა ფორჩხიძემ.
თუმცა, ფორჩხიძეს დაკითხვისას არ უსაუბრია იმაზე, რატომ არ შეამოწმეს ალკოტესტზე ავტომანქანის მძღოლი გურამ ცხადაძე ადგილზევე და რატომ ცდილობდა პოლიცია სამმართველოში მის გადაყვანას.
გარდა ამისა, ფორჩხიძემ ასევე აღნიშნა, რომ არცერთი დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არ უნახავს. „საერთოდ არ ვარ იზოლატორში ნამყოფი. არასოდეს ვყოფილვარ იქ. ღმერთმა დამიფაროს… სხვა უწყებაა საერთოდ“ (სტილი დაცულია. ავტ.), _ აცხადებს ფორჩხიძე.
რაც შეეხება კამერების ჩანაწერებს. როგორც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, კამერები როგორც შენობის გარეთ, ასევე შენობის შიგნითაც არის, თუმცა, მათი კონტროლი სუს-სს ავალია და არა მათ განყოფილებას. ფორჩხიძის თქმის, კამერები მუშაობს და მათ შესამოწმებლად, როგორც ახსოვს, არავინ მოსულა.
„აღნიშნული კამერები არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში. ჩვენ არ გვაქვს მასთან წვდომა. ტექნიკურ შემოწმებასაც სუს-ი ახორციელებს. არც ამ მომენტში და არც არასდროს ჩვენთან არავის შეუთანხმებია როდის შეამოწმონ. ისინი თვითონ წყვეტენ იმუშაოს თუ არა კამერამ. არც იმაზე მაქვს ინფორმაცია, გამართულად მუშაობს თუ არა ეს კამერები. და საერთოდაც, რატომ არის ეს კამერები დაყენებული არ ვიცი, არც ის ვიცი, რა აინტერესებს“ (სტილი დაცულია. ავტ.), _ განაცხადა ფორჩხიძემ დაკითხვისას.
მისივე თქმით, მის მოვალეობაში ყველა სისხლის სამართლის საქმის გაცნობა არ შედის. როგორც ფორჩხიძემ ახსნა, სამმართველოს უფროსის მეორე მოადგილე კურირებს საგამოძიებო მოქმედებებს. იმ შემთხვევაში კი „თუ საქმეს უჭირს“, „კონკრეტული დავალებების მიცემაა საჭირო“, საქმეებს თვითონაც ეცნობა.
დაცვის მხარის პოზიცია
სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებების სანდოობის საკითხზე ბრალდებული პირების უფლებების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში ყველა მოწმის ჩვენებას დეტალურად განიხილავს. ადვოკატის თქმით, პოლიციელების მიერ, ცხადაძისა და ხიდაშელის დაკავებისას კანონი დაირღვა.
გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ გაურკვეველია რა მოტივით, ვინ და რა დროს დააკავა მერაბ ხიდაშელი და გურამ ცხადაძე, განუმარტეს თუ არა მათ ბრალდებულის უფლებების შესახებ, ედოთ თუ არა სამმართველოს შენობაში გადაყვანისას ხელბორკილები; ვინ და რა დროს გადაიყვანა ისინი პოლიციის სამმართველოში; ვინ შეხვდა და ესაუბრა მათ; რამდენ ხანს დაჰყვეს ხიდაშელმა და ცხადაძემ პოლიციის შენობაში, ვინ და როდის გადაიყვანა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გარდა ამისა, მოწმედ დაკითხული ვერცერთი პირი ვერ ამბობს დანამდვილებით, არის თუ არა შემთხვევის ადგილზე ვიდეოკამერები, მეტიც, მოწმედ დაკითხული პოლიციელების ნაწილმა ისიც კი არ იცის, რომ ვიდეოკამერები პოლიციის შენობაშიცაა.
„ბრალდებულების – მერაბ ხიდაშელისა და ცხადაძის საქმეზე მხარეებმა დავასრულეთ პოლიციელ მოწმეთა დაკითხვა. მოწმეებმა ვერ გაუძლეს ჯვარედინ დაკითხვას, მათი ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი, რაც ყოველგვარ სანდოობას უკარგავს ამ მოწმეებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეავსეს დაკავების ოქმები განყოფილებაში, მოწმეებმა ვერც ამ კითხვაზე გასცეს დამაჯერებელი პასუხი. მაგალითად, ყველა პოლიციელმა ერთხმად განაცხადა, რომ ბრალდებული გურამ ცხადაძე დაკავების დროს წინააღმდეგობას არ უწევდა, რომ ის პოლიციელთა მისვლისთანავე გაჩერდა, მას იქვე ისე განუმარტეს უფლებები, ხელი არ შეუშლია მათთვის და დაემორჩილა სამართალდამცველთა მითითებებს. დაკავების ოქმში კი მიზეზად, რატომაც თითქოს ვერ შეავსეს ოქმი შემთხვევის ადგილზე, გამომძიებლები მიუთითებენ, რომ ბრალდებულ ცხადაძის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა ადგილზე ოქმის შევსება. აშკარაა, რომ მოწმეთა ჩვენებები გამორიცხავს ოქმში მითითებულ ინფორმაციას. ისმის კითხვა: რატომ არის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და რატომ ეწინააღმდეგება თუნდაც დაკავების თუ სხვა ოქმებში მითითებულ ინფორმაციას? პასუხი მარტივია – პოლიციელი მოწმეები სასამართლოს აწვდიან ცრუ ინფორმაციას“, _ ამბობს ბრალდებული პირების ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
მისივე თქმით, გამომძიებლებმა განსხვავებულად აღწერეს როგორც კონფლიქტი, ასევე დაკავების ფაქტი, პოლიციაში მიყვანის ფაქტი და იქ განვითარებული მოვლენები.
„ამ ყველაფერს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში სრულყოფილად მიმოვიხილავთ და სასამართლო კიდევ უფრო ნათლად დაინახავს ბრალდებულთა აბსოლუტურ უდანაშაულობას. საინტერესო ისაა, რომ ბრალდებული ცხადაძე საერთოდ არ დაუკავებიათ ე.წ. შემთხვევის ადგილას. ის დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მის დაკავებულ მეგობარს, მერაბ ხიდაშელს განყოფილებაში მიაკითხა, რადგან აინტერესებდა მისი მდგომარეობა, თუ როდის გამოუშვებდნენ მას და ა.შ. ცხადაძე საკუთარი ფეხით მივიდა განყოფილებაში, სადაც ის დააკავეს და გააფორმეს ყალბი ოქმები, თითქოს მისი დაკავება მოხდა ქუჩაში, შემთხვევის ადგილზე“, _ ამბობს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, იმავე ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, არსებობს რამდენიმე დაწესებულება, სადაც არის კამერები, თუმცა ბრალდების მხარემ ვიდეჩანაწრები წააშლევინა.
„ასევე პოლიციის განყოფილებაშიც და განყოფილების წინაც არის კამერები. პოლიციის უფროსი როდესაც დავკითხე, მან მიუთითა, რომ არცერთი კამერა არ მუშაობს. როდესაც ვკითხე კამერების დანიშნულებასთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო სამარცხვინო – „არ ვიცი, რისთვის დაკიდეს“. წარმოგიდგენიათ?- პოლიციის უფროსმა არ იცის კამერების მნიშვნელობა და დანიშნულება.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელთა მხრიდან ბრალდებულებზე ძალადობას ესწრებოდა ასზე მეტი ადამიანი, მიმდინაორებდა ხალხმრავალ ადგილას, ბრალდებამ ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა ვერცერთი არაპოლიციელი მოწმე, რომელიც ბრალდების პოზიციას დაადასტურებდა და ბრალდებულთა საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა“, _ აღნიშნავს კაკაბაძე.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს ჰქონდა ყველანაირი საშუალება მოეპოვებინათ უტყუარი მტკიცებულებები, მაგრამ შემოიფარგლა მხოლოდ პოლიციელ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია.
„მოწმეთა ჩვენებებით ჩანს, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და მერე დააკავეს ბრალდებულები. დაკავების ოქმში კი დაკავების დროდ მითითებულია დრო, როცა შემთხვევის ადგილზე მისულებიც კი არ იყვნენ. ტრაგიკომიკურია როგორც ე.წ. დაზარალებულ პოლიციელთა, ასევე სხვა პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უტყუარობის ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
თუნდაც ავიღოთ ე.წ. დაზარალებულ პოლიციელებზე – ნაკაშიძეზე და ვეფხვაძეზე დაზიანების ფაქტი. ყველა პოლიციელი სრულიად განსხვავებულად აღწერს ამ დაზიანებების მიღების მომენტს და მათი ჩვენებები ამ ნაწილშიც წინააღმდეგობრივია“, _ აცხადებს ადვოკატი.
საკუთარი პოზიციის დაფიქსირება „გურია ნიუსმა“ პროკურორებს კობა სირაძესა და გიორგი ავალიშვილსაც სთხოვა, თუმცა, ორივე მათგანი აცხადებს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ კომენტარის გაკეთება არ სურთ.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ალავიძე, უცნობია. საქმეზე სასამართლო პროცესები 13 სექტემბერს გაგრძელდება.
რას აცხადებენ საქმეში ბრალდებული პირები, რა დაინტერესება ჰქონდა პოლიციას მათ მიმართ და როგორია მათი მოლოდინი, ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.