BBC-ის ობიექტივში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა.
BBC-ის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა დამოუკიდებელი ტელეკომპანია მის ყოფილ თანამფლობელს დაუბრუნდეს, რამაც კრიტიკა გამოიწვია.
მისივე ცნობით, სასამართლომ მხარი დაუჭირა ქიბერ ხალვაშის პრეტენზიას, რომ წინა ხელისუფლებამ უკანონოდ აიძულა, რომ ის წილები, რასაც რუსთავი 2-ში ფლობდა დაეთმო.
BBC-ის ინფორმაციით, ხალვაში პარტია „ქართული ოცნების“ ახლო მხარდამჭერია.
როგორც ბრიტანეთის მაუწყებელი წერს, ოპონენტები გამოთქვამენ შიშს, რომ ძლიერი მედიის დადუმება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განწყობის ზრდას გამოიწვევს.
მაუწყებლის ცნობით, ხუთშაბათს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ,თბილისში, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოში დიქტატურა ოფიციალურად დამყარდა.
BBC-ის ინფორმაციით, გვარამიამ შესთავაზა ხალვაშს, რომ ტელეკომპანია ტელევიზიის კოლექტივს მიყიდოს, რადგან ხალვაშმა განაცხადა, რომ მომავალში გაყიდვას აპირებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, შეშფოთება გამოთქვეს.