ამერიკული ოჯახის საქართველოში მკვლელობის შესახებ THE DAILYMAIL წერს.
როგორც მაუწყებელი ამბობს, ამერიკელი წყვილი და მათი შვილი გარდაცვლილები იპოვეს, მომხდარის გამო კი 1 პირი დააკავეს.
მაუწყებლის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს, ლორა სმიტის ცხედარი იპოვა თბილისში, ჩანჩქერის სიახლოვეს, მომდევნო დღეს კი ლორას მეუღლის და ბავშვის ცხედრები. ხელისუფლების განცხადებით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
ორშაბათს, პოლიციამ დუშეთის რაიონში 1 პირი დააკავა მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით.
პოლიციას სჯერა, რომ ეჭვმიტანილს რაიანთან დავა მოუვიდა, რა დროსაც, მას და ბავშვს სანადირო თოფიდან ესროლა, ლორა კი გაქცევის მცდელობისას ხევში დაგორდა.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა, მათ არ დაუსახელებიათ, რას ეხებოდა დავა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რაიანი და ლორა საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ტრადიციული ხალიჩების ქსოვის ინდუსტრიის აღორძინებისთვის მუშაობდნენ. რაიანის ფეიბუქ-გვერდის მიხედვით, ის სან დიაგოდან არის.
რაიანი კომპანია ReWoven-ის დამფუძნებელია, რომელიც ხელნაკეთ ხალიჩებს ქმნის. თითო ხალიჩის ღირებულება 1000 დოლარზე მეტს შეადგენს.
კომპანიის ვებ-გვერდის ინფორმაციით, რაიანმა ამერიკის შეერთებული შტატები 2002 წელს დატოვა და აზერბაიჯანში გაემგზავრა, რადგან მისი გატაცება მოგზაურობა და სხვა კულტურის მქონე ადამიანების სიყვარული იყო. ბაქოში ცხოვრებისას კი ხალიჩების ბაზარზე დაიწყო მუშაობა და საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი ჰქონდა.
2005 წლის დეკემბერში რაიანმა დატოვა აზერბაიჯანი და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვდა ლორას და დაქორწინდა, შემდეგ წყვილი საქართველოში ჩამოვიდა და ReWoven დაარსა.
მაუწყებლის ცნობით, ლორა საქართველოს მთავრობის პროგრამით ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.