რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში, სოფელ მერიაში, 18 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. ადგილობრივი მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევა გავრცელებულ ინტერნეტ თამაშ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლვევას აწარმოებს.
„გურია ნიუსი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მოზარდის მეგობრებს დაუკავშირდა.
როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ეჭვი, რომ მათი მეგობარი სახიფათო თამაშს თამაშობდა შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გაუჩნდათ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს.
ეჭვი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ დღეს ბიჭს ერთ-ერთმა მეგობარმა გოგომ ქურთუკი სთხოვა, რადგან სციოდა. ბიჭმა ქურთუკი გაიხადა, ხელზე კი საეჭვო ფორმის ჭრილობა გამოუჩნდა. საიდან და რატომ ჰქონდა კი არ ახსნა.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ბიჭმა აღიარა, რომ 18 დღის განმავლობაში არ სძინებია და ღამღამობით სოფელში დადიოდა თამაშიდან მიღებული დავალებების შესასრულებლად.
აღსანიშნავია, რომ მეგობრები მას წესიერ, პატიოსან და უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მან სწავლა 9 კლასის დასრულების შემდეგ შეწყვიტა და ამ ხნის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში დადიოდა სეზონურად.