პარიზის ტერაქტში ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი ბელგიის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთის პროკურორებს მიაჩნიათ, რომ აბდესლამმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარიზში 2015 წელს მომხდარ თავდასხმაში, მაგრამ მას და კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ბელგიის სასამართლო ბრალად სდებს იარაღის უკანონო ფლობას და პოლიციის თანამშრომლების მკვლელობის მცდელობას ტერორისტულ კონტექსტში.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც ცნობილია, აბდესლამი გამომძიებელთან საუბარზე უარს დაპატიმრების დღიდან ამბობს.
მოსამართლის, მარი-ფრანს კეუტგენის თქმით, ეჭვმიტანილმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღებაზე.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში სტადს დე ფრანსის სტადიონზე 3 აფეთქება მოხდა, გარდა ამისა, აფეთქებები მოხდა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე კაფე-ბარში, თავდასხმა განხორციელდა ასევე ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე.
ტერაქტის შედეგად პარიზში 139 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებს ემსხვერპლა ტერაქტის ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი.
სალაჰ აბდესლამი კი ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა, მაგრამ ის ბრიუსელში, მარტში დაიჭირეს.