იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს ავტომობილით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჩვენი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ – როდესაც ის გამოვიდა სასამართლო დაწესებულებიდან, დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ვერც კი დაეტოვებინა ჯანმრთელ მდგომარეობაში სასამართლოს ტერიტორია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობს სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
„ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმემ შეუშალოს ხელი, ვინმე თავს დაესხას, გაბედოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ სამართალდამრღვევისთვის, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდაინა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში.