საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, რაც აქამდე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა, სახელმწიფომ მას სრულად მიაწოდა. მინისტრის თქმით, მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალურად მედიკოსებმა უნდა ისაუბრონ.
„ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება, რომელიც აქამდე დასჭირდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს მიერ, მას სრულად მიეწოდა. რაც შეეხება მისი მკურნალობის საკითხებს, როგორც ეს ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები რეაბილიტაციისთვის მისი უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.