ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 2018 წლის ნაცვლად, 2019 წელს გაიცემა. ამის შესახებ განცხადება NOBELPRIZE.ORG-ზე დღეს გავრცელდა.
„ნობელის ფონდი ვარაუდობს, რომ შვედეთის აკადემია მთელ ძალისხმევას დახარჯავს მისი სანდოობის , როგორც პრემიის მიმნიჭებელი დაწესებულების აღსადგენად“, _ ნათქვამია განცხადებაში.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის არგაცემა სექსსკანდალმა გამოიწვია.
კერძოდ, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელებდა. ამასთან, არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.
ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა. ნოემბერში აკადემიამ განიხილა არნოს წინააღმდეგ ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ის შეუფერებლად იქცეოდა ასევე აკადემიის წევრებთან, მათ ქალიშვილებთან, ცოლებთან და კანცელარიის თანამშრომლებთან.
როგორც ცნობილია, ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა და დღემდე 114 ადამიანია დაჯილდოვებული.