“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო.
თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, – წერილობით უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.
საელჩოს სპიკერის თანახმადვე, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.


































































