ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და როგორც გავარკვიეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან საერთოდ დაითხოვეს.
უწყების მიერ ჩვენთვის ოფიციალურ გამოგზავნილ წერილში აღნიშნილია, რომ დოლიძე „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების საფუძველზე”.
წესდების მეორე მუხლის მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტში წერია: „სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;“
გ ქვეპუნქტი _ „ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა“;
დ ქვეპუნქტი _ ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის
ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
ვ ქვეპუნქტი _ მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
როგორც გავარკვიეთ, ცოტა ხნის წინ, ზაზა დოლიძემ ავტოავარია მოახდინა და ამის დამალვას შეეცადა, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ.
უწყებაში არც იმას განმარტავენ, რა იგულისხმება უღირს საქციელში და რა ქმედებით შელახა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ სამინისტროს სიტემის ავტორიტეტი.
ამ თემაზე საუბარი არც ზაზა დოლიძემ ისურვა, რომელიც ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. იგი უწყებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მუშაობდა, თუმცა, სისტემიდან იმ დროსაც დაითხოვეს და იგი ამ ფაქტს მაშინ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თვლიდა.
ზაზა დოლიძე 2012 წელს პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული და „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორის თანამდებობასაც იკავებდა.
როგორც გავარკვიეთ, დოლიძის შემცვლელი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსს ჯერ არ დაინიშნავს.