ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და ასევე გვალვაგამძლე მცენარე. საქართველოში მისთვის ხელსაყრელი აგროკლიმატური ზონა სამეგრელო, აფხაზეთი და აჭარა-გურიის რეგიონია.
განსაკუთრებით კარგი პირობები მისი ზრდისა და ფორმირებისთვის სწორედ აჭარა და გურიაა. თუმცა, მაღალი ტენიანობა, რაც ამ რეგიონებს ახასიათებს, ხშირად ხელს უშლის მცენარეს. უმეტესად ყვავილობის პროცესში.
ამ წლის გაზაფხულიდან, ჩვენი მკითხველების და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა მოგვმართა _ ისინი ერთნაირი მიზეზით ახასიათებდნენ ფეიჰოას პლანტაციებში ტოტების ხმობის პროცესს.
_ ერთი კონკრეტული ძირი მთლიანად არ ხმება, თუმცა, ნახევარი ან რომელიმე მოზრდილი ტოტი ყველა ძირზე გამხმარია. გასულ წელსაც შევამჩნიეთ, მაგრამ, უფრო ნაკლებად. აღსანიშნავია ისიც, რომ გამხმარი ტოტი ან მთლიანი ბუჩქი როცა გადავჭერით, იმავე ადგილზე, მომდევნო თვეების განმავლობაში ამოიყარა. პარალელურად, კვლავ გრძელდება ყველა ძირზე ტოტების მონაცვლეობით ხმობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ფაროსანას წინააღმდეგ გახორციელებულმა შეწამვლითმა სამუშაოებმა გამოიწვია, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას ლიხაურის, ჭანიეთის, ქაქუთის მცხოვრებლები: ომარ შავიშვილი, გელა სალუქვაძე, ხათუნა ლომჯარია, ავთანდილ კალანდაძე და დახმარებას ითხოვენ.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ფიტოპათოლოგმა, ლამზირი ბერაძემ “კარმიდამო ჩემის” კითხვაზე, ასეთი პასუხი გაგვცა:
_ ფეიჰოა ვერ ეგუება სინესტეს. განსაკუთრებით, თუ წითელმიწა ნიადაგზეა დარგული. უმეტესად მისი ხმობის მიზეზი ეს არის. შესაძლებელია, იყოს მავნებლის გამოისობითაც. ამიტომ, მოსახლეობის წარმომადგენლებმა ნიმუშად უნდა წარმოადგინონ მცენარის დაზიანებული ნაწილი _ ფოთოლი, ტოტი, რომ დაკვირვების საშუალება მოგვეცეს და აუცილებლად დავეხმარებით. რაც შეეხება მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლით სამუშაოებს, ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, _ გვითხრა ქალბატონმა ლამზირიმ.