თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც საახალწლო ნაძვის ხის ანთების გადადების შესახებ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მაშინ როდესაც აგრესიული მომიტინგეები საახალწლო ღონისძიებისთვის მოწყობილ სცენას შუშის ბოთლებს ესროდნენ, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა პროვოკაციებისგან. შესაბამისად, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაიდო.
„რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებზე გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის. ამ ფონზე ლოგიკურია, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად, რომ დაიშალონ, არ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს”, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის ამ კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.