როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, გურიაში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა იდგა. მაშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობდა.
აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია უწყებამ დღეს გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა.
სწავლების მიზანს, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
სწავლების პროცესში, რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი, მოხალისეთა ჯგუფები.
აღნიშნულის ფარგლებში, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლებების ჩატარებას”,_ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.