ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ ლანჩხუთის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე დასვა საკითხი, რომ საარჩევნო უბანი, როგორც გათვალისწინებული იყო, არ განთავსდეს სოფლის საბავშვო ბაღში.
“ყველაზე ცუდი მდგომარეობა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენს სოფელშია. 12 ინფიცირებული გვყავს დღეის მონაცემებით, მარტო გუშინ 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა. სოფელში ინფექციის სწრაფი გავრცელების საშიშროებაა, რის გამოც მოსახლეობა შეშინებულია.
ლესაში ახალაშენებული, ძალიან კარგი საბავშვო ბაღის შენობა გვაქვს, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, თუმცა, შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით არის პრობლემები და მოსახლეობისთვის ძნელი იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ მოიძებნა საარჩევნო უბნისთვის ალტერნატიული ფართი”,– თქვა ლესის მაჟორიტარმა.
სხდომაზე მყოფი მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი დეპუტატს შეპირდა, რომ საკითხის მოსაგვარებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც ალტერნატიული ფართის მოძებნა გახდებოდა აუცილებელი.